leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: “ქართული ოცნებისთვის” მთავარია ადამიანის უფლებების დაცვა და კეთილდღეობა 

“მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში სიღარიბე განახევრდა, სამუშაო ადგილები გაიზარდა, გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, ტურისტების რაოდენობა, ექსპორტი, შენარჩუნებულია 10 წლიანი მშვიდობა! 2 უმძიმესი კრიზისის მიუხედავად, რომელიც დაკავშირებული იყო კოვიდ 19-თან და ირგვლივ სამეზობლოში მიმდინარე დამანგრეველ ომებთან, საქართველო მაინც დგას ღირსეულად, პოზიციონირებს, როგორც მშვიდობისმყოფელი მეზობელი, მნიშვნელოვანი აქტორი რეგიონში და ევროპული და დასავლური სტრუქტურების მყარი და კეთილსინდისიერი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში“, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

მისი თქმით, საქართველო ეძებს და პოულობს ახალ სტრატეგიულ პარტნიორებს, თუმცა არ ღალატობს ძველ მეგობრებს.

„მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილისა, ჩვენ თვითკმაყოფილებას არ ვეძლევით, რადგან მთავარი „ქართული ოცნებისთვის“ ადამიანის უფლებების დაცვა და კეთილდღეობაა. პირველის სტანდარტს მუდმივად ვხვეწთ და ვაუმჯობესებთ, რაც შეეხება კეთილდღეობას აქ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს, რადგან კიდევ ბევრი ადამიანია სრულფასოვანი კვების, სამუშაო ადგილის და ღირსეული ყოფითი პირობების გარეშე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წელიწადში ჩვენ კიდევ გავანახევრებთ ასეთი ადამიანების რაოდენობას და ამ ადამიანებს გავიყვანთ სამშვიდობოს. ხოლო თუ ვინმე კვლავ დარჩება ამ ზღვარს მიღმა, ახლო მომავალში, მათ ხელშესახებად, ჩვენ მნიშვნელოვნად გავუუმჯობესებთ პირობებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ანგარიშზეა ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან, ხოლო 2016 წლიდან კი თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში.

„თავისუფლად გადაადგილების რეჟიმი ბუნებრივია, იძლევა ახალ ეკონომიკურ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. ამ მიზნით, ჩვენი ქვეყანა არაერთმა ახალგაზრდა თუ ზრდასრულმა ადამიანმა დატოვა. ასეთი ტიპის თავისუფლება მიგრაციას ძლიერ ამოტივირებს და ეს საერთაშორისო გამოცდილებითაც დასტურდება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

ასევე იხილეთ