leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გამსახურდია: სანამ გომელაური იქნება მინისტრად, მანამდე ძალმომრეობას ადგილი არ ექნება

„ფუჭია მცდელობა ვახტანგ გომელაურის და უწყების გაშავების, ეგ თავადაც იციან ოპონენტებმა, მაგრამ გეგმის ნაწილია მათთვის და რას ვიზამთ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია წერს და „მინისტრის საათის“ ფორმატში ვახტანგ გომელაურის წარმოთქმულ სიტყვას ფეისბუქ პოსტით ეხმიანება:

„ეს არის თანამედროვე სტანდარტი, ასევე პასუხი ყველას, ვინც ჩვენს უწყებას პოლიტიზირებულად მიიჩნევს. ეს არის ფაქტი და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სანამ გომელაური იქნება მინისტრად, სანამ ოცნება იქნება მმართველ ძალად, მანამდე ძალმომრეობას და ხალხის მიმართ აგრესიას ადგილი არ ექნება. ეს არის, ასე ვთქვათ, ზვიადის პოლიტიკის გამოძახილიც, როდესაც იძახდა, ჩვენ ისე უნდა გავიმარჯვოთ ჩვენს მოწინააღმდეგეზე, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეც გამარჯვებული დარჩესო. ფუჭია მცდელობა ვახტანგ გომელაურის და უწყების გაშავების, ეგ თავადაც იციან ოპონენტებმა, მაგრამ, ნუ, გეგმის ნაწილია მათთვის და რას ვიზამთ. თავშივე გეუბნებით (ისევე, როგორც ყველა ცხელ თავს თავის დროზე ვეუბნებოდი), განწირულია უშედეგობისაკენ ეს მცდელობა და სხვა რამისკენ მიმართოთ ეს ენერგია, აჯობებს (მაგ.ხაჭაპურზე და ლობიანზე). კიდევ ერთხელ ბრავო ვახტანგ გომელაურს”, – წერს გიორგი გამსახურდია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას დეპუტატებს კონსტრუქციულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველასია და მზად არის, ყველასთან დასხდეს და ისაუბროს.

„ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, ძვირფასო ოპოზიციავ თქვენც, ასევე. დღეს ისე თუ ასე მაინც კონსტრუქციული გამოვიდა. შეიძლება, ვინც ტელევიზორს უყურებდა თქვას, რას ამბობს ეს კაცი, რამხელა ხმაური იყოო, თუმცა აქ ისეთები მაქვს ნანახი, ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო დღეს, ამიტომ მადლობა მინდა გითხრათ ყველას.

მესმის, რომ არის საკითხები, რაზეც შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. რაღაცებზე ვკამათობთ, თუმცა არის საკითხები, რაზეც შეიძლება დავსხდეთ და ვისაუბროთ. შეიძლება დაგვარწმუნოთ და გავაკეთოთო. ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო, თუნდაც იარაღის კანონის შესახებ შევხვდით ჯგუფებს, რომლებმაც დაგვარწმუნეს რომ არ იყო ასე სწორი და მართლაც შევცვალეთ ჩვენივე დაწერილი კანონი, აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ ყველასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ, იქნება ეს საზღვარი თუ კრიმინალური პოლიცია, თუ გამოძიება. ეს ქვეყანა ყველასია, ამიტომ რაც სწორია ყველაფერს გავითვალისწინებთ.

მინდა მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ყველა პოლიციელს, მათ ოჯახებს“,- განაცხადა გომელაურმა.

ასევე იხილეთ