ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქუთაისში, წმ. ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დარგვის აქციაც მოეწყო. მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი დაცვა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და, სიმბოლურად, 21 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს. დარგვის აქციას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, ქუთაისის დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ ბენეფიციარები შეუერთდნენ.
„საზოგადოების ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობა ტყის მდგრადი მართვის ერთ-ერთი წინაპირობაა; განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ აქტიურობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობა და დარგში ახალგაზრდა კადრის მოზიდვა ეროვნული სატყეო სააგენტოს ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს, რომ სულ უფრო მეტი დაინტერესება იქნება როგორც ამ პროფესიით, ისე, ტყის ეკოსისტემის მოვლით და შენარჩუნებით“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.