21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა გულშემატკივარს რესპუბლიკის მოედანზე, დიდი ეკრანის მეშვეობითაც შეეძლება.
ამავდროულად, ადგილზე ბავშვებისთვის მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, განთავსდება კვების ობიექტები.
საქართველო-ლუქსემბურგის მატჩთან დაკავშირებით 22 მარტის 07:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება.
შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, როგორც მერიაში განმარტავენ, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით. N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.
საქართველო–ლუქსემბურგის ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.