მიხეილ ყაველაშვილი: დღეს ვის დააჯერებ საქართველოში, რომ გიორგი კანდელაკი და ნათია მეზვრიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციასაც წარმოადგენენ
„საზოგადოებას აქვს უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, საზოგადოებას აქვს უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია, რა მიზნისთვის ფინანსდება უცხოეთიდან ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამავე დროს, ასოცირდება პოლიტიკურ პარტიასთან.
„დღეს ვის დააჯერებ საქართველოში, რომ გიორგი კანდელაკი და ნათია მეზვრიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოადგენენ და არანაირად არ ეხება მათი ორგანიზაციის დაფინანსება პარტიის დაფინანსებას. თუ ასეთი ღიები და თამამები არიან, მაშინ, რა უშლიდათ ხელს, რომ უბრალოდ რეესტრში დაფიქსირებულიყო და გამჭვირვალე ყოფილიყო მათი დაფინანსება. იგივე ორგანიზაციები, რომლებიც თვითონ უარს ამბობენ შემოწმებაზე და ღიაობაზე, ჩვენზე არიან ჩასაფრებულები, ყოველ ჩვენს დეკლარაციას თვეობით ამოწმებენ და ასაჯაროებენ.
საზოგადოებას აქვს უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, რითი ფინანსდება და რა მიზანი აქვთ, მითუმეტეს, როდესაც პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდებიან. აი, ამაზე გვქონდა საუბარი, რომ მოატყუეს მთელი საზოგადოება. ახლა, გამოვიდნენ საზოგადოების წევრები, ქალბატონი მზექალა შანიძიდან დაწყებული, დავით ტურაშვილით დამთავრებული და გამცენ ამაზე პასუხი, როგორ არიან ეს ორგანიზაციები ერთნაირად, არასამთავრობოც და პარტიული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.