პროექტის – „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია იმყოფებოდა. შეხვედრაზე მან სტუდენტებს ქართული ჯარის ამოცანები, მიმდინარე რეფორმები, კარიერული განვითარების პერსპექტივები და განათლების მიღების შესაძლებლობები გააცნო. ბრიგადის გენერალმა განვლილი პროფესიული გზაც გაიხსენა და ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
შეხვედრის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს.
სკოლებთან ერთად, 2022-2023 სასწავლო წელს, პროექტის განხორციელება უმაღლეს სასწავლებლებშიც დაიწყო. თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს უნივერსიტეტებს სტუმრობენ და ქართული ჯარის შესახებ გაცნობით შეხვედრებს მართავენ.
თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.