დავით ქართველიშვილი „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაზე: ვერ გადაფარავთ საკუთარი „გაუმჭვირვალობის“ გააშკარავების და მსგავს დეზინფორმაციაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღების გარდაუვალ პროცესებს
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის დამაბრკოლებელ „ბალასტად“ რომ წარმოაჩენენ, არახალია ჩვენთვის. სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობებთან ჟენევის მოლაპარაკების თუ ერგნეთის სამუშაო ჯგუფის დონეზე კონტაქტები იყო და იქნება – აქაც „გაუმჭვირვალობა“ თავისთან მოიკითხონ“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ ამ დღეებში დაწერა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასაჯაროებს ურთიერთობას და სავარაუდო კოორდინაციას რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან. თითქოსდა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მსგავსი „გაუმჭვირვალობა“ ამყარებს ეჭვს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით შესაძლო გამოყენების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ ბოდვას უკვე მისცა „კლასიკური დეზინფორმაციის“ განმარტება. ჩვენ კი შეგვიძლია ამას სისულელეც დავამატოთ. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის დამაბრკოლებელ „ბალასტად“ რომ წარმოაჩენენ, არახალია ჩვენთვის. სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობებთან ჟენევის მოლაპარაკების თუ ერგნეთის სამუშაო ჯგუფის დონეზე კონტაქტები იყო და იქნება – აქაც „გაუმჭვირვალობა“ თავისთან მოიკითხონ. რაც შეეხება ქვეყნის გამთლიანების საკითხს, დადგება დრო, როდესაც არც ამისთვის საჭირო სამოლაპარაკო ფორმატებზე შევეკითხებით ვინმეს. ხოლო „რუსეთთან კოორდინაციის თემა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით“ – ამერიკელ ასტრონავტ თრეისი დაისონთან მოგვიკითხეთ! რუს და ბელარუს ოფიცრებთან ერთად ის სამ საათში კოსმოსში გაემგზავრება, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ლოგიკით, ომში მყოფ უკრაინის თავზე რუსული დრონებისა და არტილერიის იერიშების კორექციის მიზნით. ვერც ერთი შემოგდებული სისულელით ვერ გადაფარავთ საკუთარი „გაუმჭვირვალობის“ გააშკარავების, თქვენი ლაქია-მარიონეტების გასამართლების, თქვენი ლგბტ-„სულიერების“ პროპაგანდის და მსგავს დეზინფორმაციაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღების გარდაუვალ პროცესებს!“ – წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქზე.