სოზარ სუბარი: გამჭვირვალობის შესახებ კანონი სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, რომ ისეთი დაფინანსებების შესახებ, როგორსაც, მაგალითად, თინა ხიდაშელი იღებს, ყურმოკვრით კი არ ვიცოდეთ, არამედ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, რომ მსგავსი დაფინანსებების თაობაზე ყურმოკვრით კი არ ვიცოდეთ, არამედ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ღიად ატვირთული, რომელსაც ყველა ერთად ვნახავთ“, – ასე უპასუხა პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა კითხვას, რომელიც თინა ხიდაშელისა და პოლონელი ანალიტიკოსის, მარჩინ პჩიხოდნიაკის მიერ ჩინეთთან დაკავშირებით მედიაში გამოქვეყნებული მოსაზრებების შესახებ დაუსვეს.
სოზარ სუბარის თქმით, თინა ხიდაშელი ტაივანის ინტერესებს ატარებს.
„ასეთ შემთხვევაში, გვეცოდინება, ვინ საიდან ფინანსდება და ვის ინტერესებს ატარებს. ამ შემთხვევაში, თინა ხიდაშელი ტაივანის ინტერესებს ატარებს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ჩინეთთან ურთიერთობა მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანია.
„ევროკავშირსა და ჩინეთს ყოველდღე 2,5 მილიარდი ევროს მოცულობის ვაჭრობა აქვს, ჩინეთთან ჩვენმა წლიურმა ბრუნვამ რომ 2,5 მილიარდს მიაღწიოს, ეკონომიკურად ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვიქნებით. ჩინეთი გაეროში უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და მის სიტყვას წონა აქვს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვისაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.