თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საქართველოში უნგრეთის ელჩთან, ანა მარია შიკოსთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში შედგა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე ესწრებოდა.
გიორგი ტყემალაძემ სტუმარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნისთვის ამ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ქვეყნისთვის, რომელიც ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და გვერდზე დგომა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ანა მარია შიკოს ბოლო დროს განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ, მათ შორის სატრანსპორტო რეფორმის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„თბილისის მუნიციპალიტეტი არაერთ რეფორმას და პროექტს ახორციელებს და ამ პროცესში ბუდაპეშტის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
დასასრულს, გიორგი ტყემალაძემ და ანა მარია შიკომ იმედი გამოთქვეს, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა შედეგიანი იქნება და ეს შეხვედრა თბილისსა და ბუდაპეშტს კიდევ უფრო დააახლოვებს.