„წარმატებებისა და გამარჯვების ჟამი დადგა. ჩვენ უნდა მოვიგოთ, გავიდეთ ფინალში, ავიხდინოთ ისტორიული ოცნება და ზაფხულში საქართველოს ეროვნული ნაკრები, გერმანიაში, ევროპის უძლიერეს გუნდებს შორის ვიხილოთ. წარმატებები ბიჭებს“, – წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო დაპირისპირების წინ.
„ამ ბილეთებმა დღეს ჩემს მიერ ნანახი ნაკრების თამაშები და წარუშლელ ემოციებთან დაკავშირებული მოგონებები გააცოცხლა.
პირველად საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს 1995 წელს დავესწარი „დინამოს“ სტადიონზე. ომებით, ეკონომიკური სიდუხჭირით და მომავლის გაურკვევლობით დაღლილი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს გერმანიის უძლიერეს გუნდთან ჰქონდა თამაში. ამ დღეს თითქოს პრობლემები დავიწყებას მიეცა და მთელი ქვეყანა საფეხბურთო ზეიმმა მოიცვა. დაუვიწყარია ის დადებითი გრძნობები, რომელიც მაყურებელში ჩვენი გუნდის თითოეულ შეტევას მოჰყვებოდა და სწორედ იქ გაჩნდა იმედი, რომ ჩვენს გუნდსაც ვიხილავდით ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე.
მას შემდეგ იყო მარცხიც და გამარჯვებაც. ყველაზე მთავარია, რომ იმედი და ჟინი დღეს უფრო მძლავრია.
დღეს თითქოს ყველაფერი გაინაბა ირგვლივ. დიდი თუ პატარა მოცულია ფეხბურთით და მოუთმენლად ელოდება 9 საათს, დიდი ბრძოლის დასაწყისს.
ახლა სხვა დროა, მოსავლის აღების, წარმატებებისა და გამარჯვების ჟამი დადგა. ჩვენ უნდა მოვიგოთ, გავიდეთ ფინალში, ავიხდინოთ ისტორიული ოცნება და ზაფხულში საქართველოს ეროვნული ნაკრები, გერმანიაში, ევროპის უძლიერეს გუნდებს შორის ვიხილოთ.
წარმატებები ბიჭებს.
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!“ – წერს რატი ბრეგაძე.