leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციამ პირდაპირ უარი განაცხადა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეზოლუციის ხელმოწერაზე

„ვერავინ დაიძვრენს თავს, თითქოს არ იცოდნენ ამ რეზოლუციის შესახებ, რადგან რეზოლუცია სათანადო წესით დაურიგდა ყველას და ოპოზიციამ პირდაპირ უარი განაცხადა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეზოლუციის ხელმოწერაზე”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სრულიად სამარცხვინო ფაქტი დაფიქსირდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე, რადგან ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე, როდესაც საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეზოლუციას ხელი არ მოაწერა.

„რეზოლუციაში აღნიშნული იყო ჩვენი ქვეყნის პროგრესი, დროულად მოლაპარაკებების დაწყება, ქვეყნის ოკუპაციაზე შესაბამისი წიაღსვლები და სრულიად რეზოლუციის ტექსტი იყო გამსჭვალული საკუთარი სამშობლოსთვის მნიშვნელოვანი პოზიციებით. შემდგომ იყო თავის მართლების ძალიან უნიჭო და უშნო მცდელობა, თითქოს მათ არ იცოდნენ, რომ ეს ტექსტი რეგისტრირდებოდა. იყო ლაბირინთებში გაბნეული და დაბნეული, სრულიად წარმოუდგენელი თავის მართლება. სიმართლე საზოგადოებამ კარგად გაიგო და აღიქვა. რეალურად, ეს იყო კიდევ ერთი ლაკმუსის ქაღალდი ჩვენი საზოგადოების დასანახად, ხაზგასასმელად თუ რა ძალასთან, როგორ დესტრუქციულ და ანტიევროპულ ძალასთან გვაქვს საქმე მაშინ, როდესაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ.

ვერავინ დაიძვრენს თავს, თითქოს მათ არ იცოდნენ ამ რეზოლუციის შესახებ, რადგან რეზოლუცია სათანადო წესით იყო ყველასთვის დარიგებული და ოპოზიციამ პირდაპირ უარი განაცხადა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეზოლუციის ხელმოწერაზე. ეს იმ პირობებში, როცა 2008 წელს მათ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ქართულ მხარეს, ქართულ ჯარს დააბრალეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, შეტევა და ომის დაწყება. ეს ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ამცნობს, რომ ეს უსამშობლო ადამიანები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებენ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მოლდოვას ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს, თუმცა, საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა.

ასევე იხილეთ