ბელგიაში შეიქმნა ულტრამემარჯვენე პარტია, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის საპატივსაცემოდ „ტრამპ“-ი დაარქვეს.
TRUMP – არის აბრევიატურა (Tous Réunis pour l’Union des Mouvements Populistes), რაც გულისხმობს – ყველა ვერთიანდებით პოპულისტური მოძრაობების კავშირისთვის. ახალი პარტია დაშლილი პოლიტიკური მოძრაობის – Chez Nous-სა და ბელგიური პარტია Front National-ის მემკვიდრეა.
ამ პოლიტიკური ჯგუფის დამფუძნებელია ბელგიის ეროვნული ფრონტის ყოფილი თავმჯდომარე სალვატორე ნიკოტრა.
„დონალდ ტრამპი პოპულიზმის განსახიერებაა, ყველაფერი იმისი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით“, – განუცხადა ნიკოტრამ ბრიუსელის საინფორმაციო სააგენტო BRUZZ-ს.
მანვე დასძინა, რომ ტრამპი ქვეყანას გაერთიანებულ ერად მიიჩნევს, განსხვავებით ბელგიის უდიდესი ულტრამემარჯვენე პარტიისგან, „ვლამანგ ბელანგისგან“, რომელიც ფლამანდიურ სეპარატიზმს უჭერს მხარს.
BRUZZ-ის ცნობით, ახალი პარტიის აღმასრულებელ კომიტეტში შედის ემანუელე ლიკარი, რომელიც ბრიუსელში ვლაამს ბელანგის პარტიიდან იყრიდა კენჭს, მაგრამ ფაშიზმის საჯაროდ განდიდების შემდეგ გარიცხეს.
პარტია „ტრამპი“ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 2029 წლის ფედერალურ და ევროპარლამენტის არჩევნებში და ასევე გეგმავს კანდიდატების წარდგენას რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე. პარტიის ოფიციალური ინაუგურაცია 30 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ბელგიის ხუთპარტიული კოალიცია რამდენიმე თვეა ბიუჯეტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს. პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი ხარჯების 10 მილიარდი ევროთი შემცირებას ისახავს მიზნად.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გასულ კვირას დე ვევერმა პარლამენტს განუცხადა, რომ მან მეფე ფილიპეს სთხოვა, მთავრობას შობამდე მიეცა ვადა ბიუჯეტზე შეთანხმების მისაღწევად.






