logo_geo
eng_logo
კორონაცირუსით 634 ადამიანია ინფიცირებული - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნაადრევია
- +

24 იანვარი. 2020. 00:05

 

 

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ახალი კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის გამო, გლობალურად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ნაადრევად მიიჩნევს.

 

ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ეპიდემია ამ დროისთვის მხოლოდ ჩინეთშია. თუმცა შესაძლოა, ის გლობალურ საფრთხედაც იქცეს. კვლავ უცნობი რჩება ვირუსის გამომწვევი წყარო, ასევე ისიც, თუ რამდენად მარტივად ვრცელდება ვირუსი.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა აეროპორტებში განხორციელდეს „მგზავრების შემოწმება, როგორც ყოვლისმომცველი შემაკავებელი ზომების ნაკრები. ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს ზომები კორონავირუსის შემთხვევების დასაფიქსირებლად“. ასევე ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია, ისეთი მარტივი პროცედურების დაცვა, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა, ხველისა და დაცემინების დროს სახის იდაყვით დაფარვა.

 

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ჩინეთმა მიიღო ზომები, რომელსაც ქვეყანა ადეკვატურად მიიჩნევდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ქვეყანა განაგრძობს მათთან თანამშრომლობას და გამჭვირვალედ მიაწვდის ინფორმაციას.

 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალ შტამს 18 ადამიანი ემსხვერპლა, 634 კი ინფიცირებულია. გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ უხანის გარეთაც, ჰებეის დასახლებაში. ამ დროისთვის ჩინეთს იზოლაციაში უკვე სამი ქალაქი აქვს მოქცეული, რომლის მოსახლეობაც საერთო ჯამში 18 მილიონს შეადგენს, მათ ქალაქის დატოვების შესაძლებლობა აღარ აქვთ.

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner