logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია კორონავირუსზე: მარტის ბოლომდე მოსალოდნელია მატება
- +

10 მარტი. 2020. 21:37

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდასა და სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე ტელეკომპანია „იმედის“ „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, პროგნოზულად, მარტის ბოლომდე საქართველოშიც მოსალოდნელია გარკვეული მატება.

 

დღეს ჩვენ გვაქვს კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა. თუმცა, გამომდინარე იქედან, რა ტენდენციაც დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში აღინიშნება, პროგნოზულად, მარტის ბოლომდე ჩვენს ქვეყანაშიც მოსალოდნელია გარკვეული მატება“. - აღნიშნა გაბუნიამ.

 

თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ჩვენს ქვეყანას სრული მზაობა აქვს და მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დაწესებულებები მომზადებულები იყოს კორონავირუსის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევებისთვის.

 

ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დაწესებულებები მომზადებულები იყოს კორონავირუსის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევებისთვის. ამისთვის გავათავისუფლეთ ორი საავადმყოფო: ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში და გორში „გორის ჰოსპიტალი“. ეს საავადმყოფოები სრულად დაიცალა სხვა პაციენტებისგან, რათა, თუ დადგა საჭიროება, ისინი სრულად იყოს მობილიზებული მხოლოდ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მოსავლელად. რა თქმა უნდა, აღარ ვსაუბრობ ინფექციურ საავადმყოფოზე, რომელიც ისედაც ამ მიზნებისთვისაა გამოყენებული.

 

მუდმივ რეჟიმში ვაფასებთ და ვაკონტროლებთ, რამდენად არის მზად სასუნთქი მოწყობილობები და სარეანიმაციო საწოლები. ქვეყანაში დღეს 16 ათასზე მეტი ჰოსპიტალური საწოლი ფუნქციონირებს. ასეთი აპარატების რაოდენობა ორი ათასს აღწევს, ასევე, დამატებით შევიძინეთ აპარატები ჩვენც და ზოგიერთმა კლინიკებმაც, რათა, თუკი დადგება საჭიროება, სრული მზაობა იყოს და ერთ წუთითაც არ შეფერხდეს სამედიცინო სერვისის მიწოდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner