logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ომია. გლობალურ ეპიდემიას ვებრძვით
- +

26 მარტი. 2020. 02:49

 

 

ექსპერტი სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

როგორ არ უნდა დააფასო ჩვენთან განხორციელებული დროული, წინმსწრები ღონისძიებები და, რა თქმა უნდა, ჩვენი მედიკოსების, განსაკუთრებით, ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების პროფესიონალიზმი?!

ამავე დროს, ძალიან ცდილობენ ქვეყნის წარმატებები, მხოლოდ ჩვენს ექიმებს მიაწერონ, რათა ყველა დანარჩენი დააკნინონ. სირცხვილია. ომია. გლობალურ ეპიდემიას ვებრძვით გლობალური ეკონომიკური პრობლემების პირობებში.

ევროპას რომ თავი დავანებოთ, რუსეთში გუშინ 60-მდე, ხოლო დღეს უკვე 160 ახალი შემთხვევაა. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის 85 რეგიონიდან უკვე 55-ში 650 დაინფიცირებულია. გუშინ იყო 495. ყველაზე მეტია მოსკოვში.

ციფრები, ალბათ, გაცილებით მეტია. თუმცა, ეს არაა მთავარი. რუსეთის რეგიონებში არც კი იციან ეპიდემიის შესახებ, იკრიბებიან სუფრებზე, დადიან სტუმრად.

პუტინმა მხოლოდ დღეს გამოაცხადა შემდეგი ეეთი კვირა არასამუშაოდ, ანუ, თითქოს თვითიზოლაციაა, მაგრამ მითითებები არ გაცემულა. გადადეს რეფერენდუმი და ერთი კვირა არ იმუშავებენ. დაიწყება ახლა ვოდკასეპტიკური ღონისძიებები.

ამ დროს, იმის გარდა, რომ რუსეთშია მძიმე პრობლემები, კატასტროფული მდგომარეობა იქნება აფხაზეთსა და ცხინვალში, რომლებიც, ფაქტიურად რუსეთს ჰყავს ბლოგადაში, მარია ზახაროვამ კი ჩვენთვის მოიცალა და პოსტი მოგვიძღვნა.

ჩვენთან განხორციელებული ზომები 2-3 კვირით წინმსწრები იყო, ვიდრე უამრავ, შესაძლოა, ყველა სხვა ქვეყანაში.

მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინოდ დაკეტვაც, ერთი მხრივ იყო გაბედული ნაბიჯი, მსგავსი რამ ჩვენთან არასდროს ყოფილა, მეორე მხრივ, საკმაოდ კარგადაა ორგანიზებული.

სურსათით და მედიკამენტებით რაიონების უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის ნაწარმის გამოტანა მშვიდად მიმდინარეობს.

საკარანტინო ზონის კონტროლი ხდება როგორც საგუშაგოებით, ასევე დრონებით.

20 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა საკარანტინო ზონაში. ამ ეტაპისთვის გავრცელება მინიმალურია. იმედია, დროულობის გამო, ამ ორ რაიონში სერიოზული პრობლემები არ გვექნება.

საუბარიც კი არ მინდა იმ პოპულისტურ განცხადებებზე, ჩასაფრებულ პოზიციებზე, გულისამრევ პოსტებზე, ხალხის გაჭირვებით სპელუაციებზე, რასაც ვისმენ, ვკითხულობ.

ამ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენებ 2008 წელს, როცა ოპოზიციამ პოლიტიკური დაპირისპირება შეწყვიტა.

მხოლოდ მერკელის განცხადებაა საკმარისი იმის გასაგებად, თუ რა ხდება მსოფლიოში. მან თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიას მსგავსი გამოწვევა არ ჰქონია. განცხადების შინაარსი საკამათოა, მაგრამ გერმანიის წინაშე არსებული პრობლემის მასშტაბებზე ნათლად მეტყველებს. სხვათაშორის, თავადაც კარანტინშია.

ჰოდა, რას ფიქრობთ, საქარყველოსთვის ეს ყველაფერი ხიმრობაა, გასეირნებაა?

ნუთუ ვერ ხვდებით რამხელა გამოწვევის წინაშეა ჩვენი ქვეყანა, ცალკე კორონა ვირუსის გამო, ცალკე ეკონომიკური პრობლემების გამო?

მსოფლიო ეკონომიკა რყევებს განიცდის. ნახევარი მსოფლიო თვითიზოლაციაში ზის. ამ ყველაფერს ემატება ენერგო ომი და ქვეყნებს შორის მიმდინარე საინფორმაციო ომები.

იმის ნაცვლად, რომ მოქმედ მმართველ ძალას თუ არა, ხალხს მაინც დაუდგეთ გვერდით, აგრძელებთ მოსახლეობის გაღიზიანებას, ცდილობთ გაზარდოთ პანიკა, საკუთარი მედია საშუალებების მეშვეობით, შექმნათ საყოველთაო ფსიქოზი.

ზოგიერთი, სარგებლობს ევროპის პრობლემებით, შესაძლოა დაქსაქსულობით და იპოვეს პრორუსული პროპაგანდისთვის, მათი ჭკუით, ხელსაყრელი დრო. გეშლებათ. ესეც ამორალურობაა.

ბევრჯერ დავწერე, გადავიტანთ ამ ყველაფერს, გადაიტანს მსოფლიოც. მერე შევაფასებთ ვინ სად იდგა და რა მოტივით.

 

 

right_banner
არქივი
right_banner