logo_geo
eng_logo
თენგიზ გაჩეჩილაძე: გარუნ აკოპოვი გარდაიცვალა
- +

18 ოქტომბერი. 2020. 19:28

 

 

„გარუნ აკოპოვი გარდაიცვალა. ხვალ, 19 ოქტომბერს 97 წელი შეუსრულდებუდა. ასაკთან შესაფერისად ფიზიკურად მხნედ და საღი გონებით იცხოვრა სიცოცხლის უკანასკნელ  წუთამდე. ”ლელოს” გასული კვირის ბოლო და ასევე მისთვისაც ბოლო ნომრის წაკითხვაც მოასწრო. ყოველთვის გვეხმიანებოდა, შესაქებს შეგვიქებდა, საჭიროდ თუ ჩათვლიდა, რჩევასაც იძლეოდა ჩვეული მოკრძალებით. იგი  მიხეილ კაკაბაძესთან ერთად ”ლელოს” სახელით აღდგენილი სასპორტო გამოცემის სათავესთან იდგა. შემდეგ ამ დუეტმა საქართველოს სპორტის ჟურნალისტთა ფედერაციაც დააფუძნა და მისი პირველი თვმჯდომარე ბატონი გარუნი იყო“, - ამის შესახებ „ლელოს“ მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„უდიდესია ამ ამაგდარი პროფესიონალის ღვაწლი და წვლილი ქართული სასპორტო ჟურნალისტიკის განვითარება-გაძლიერებით ქართული სპორტის წინსვლაში. ახლო მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა  საქართველოს სხვადასხვა თაობის გამოჩენილ სპორტსმენებთან, სპეციალისტებთან თუ უმაღლესი რანგის ხელმძღვანელებთან. არ დარჩენილა ქართულ სპორტში არც ერთი პრობლემა კომპეტენტური აზრი არ გამოეთქვა. მისი ავტორობით გამოცემულმა წიგნებმა კი პირუთვნელად შემოგვინახა ათეული წლების განმავლობაში ქართველ სპორტსმენთა და ქართული სპორტის მიღწევები და თავგადასავლები. ოთხი ათეული წელიწადი  ”სოვეტსკი სპორტის” მიმომხილველი იყო და ქართული სპორტის სახელისა და დიდების მემატიანედ აქცია ეს გაზეთი არამხოლოდ საბჭოთა კავშირში. მდიდარი პირადი არქივი უანგაროდ უსახსოვრა ქართული სპორტის მუზეუმს, სპორტულ ფედერაციებს და ”ლელოს” რედაქციას. 

 

იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კალათბურთში, მრავალი კონკურსის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, როგორც თავად ამბობდა, თავს მიიჩნევდა - სპორტულ ჟურნალისტიკაში "ლელოს" შვილობილად".

 

პიროვნული და პროფესიული ღირსებებით გამორჩეული ღვაწლმოსილი კოლეგის დამსახურება, სახელი და ხსოვნა სამარადისოდ დარჩება ჟურნალისტიკისა და ქართული სპორტის ისტორიაში.

 

დაკრძალვა: 20.10; 14 სთ-ზე. მისამართი: თამარაშვილის, 17“, - წერს თენგიზ გაჩეჩილაძე.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner