logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: მერაბიშვილმა ივერი მელაშვილი გადაიყვანა საჯარო რეესტრის სააგენტოში, როგორც მისი პირადი ნდობით აღჭურვილი პირი
- +

21 ოქტომბერი. 2020. 17:00

 

 

„სააკაშვილ-მერაბიშვილის ბანდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და მათმა თანამზრახველებმა საქართველოს მიწის ბაზრის დაპატრონების გზით დაიწყეს ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრის - საქართველოს მიწის სახელმწიფო საკუთრებიდან თანდათანობითი გადატანა მათდამი კონტროლირებად კერძო მესაკუთრეთა განკარგულებაში“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეს სტატუსი ამ ათი დღის წინ დავწერე, მაგრამ მაინც არ გამოვაქვეყნე - ვერ ვენდე საკუთარ ინტუიციას ბოლომდე (სამწუხაროდ)!

 

დღეს ტვ „იმედზე“ „ქრონიკაში“ ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ უკვე შესაძლებლად ჩავთვალე მისი გამოქვეყნება;

 

თუ რაიმე მნიშვნელოვანი უზუსტობა გაიპარა ამ სტატუსში, გთხოვთ მიმითითოთ - დიდი სიამოვნებით გავასწორებ!

=====================

 

... როგორც მეუბნებიან, ივერი მელაშვილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მიწათმოწყობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიწათმომწყობად, შემდეგ 90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ  დაწინაურდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საიდანაც საუკუნეების მიჯნაზე მაშინდელმა საქართველოს პარლამენტის წევრმა ვანო მერაბიშვილმა დაასაქმა მისსავე ხელმძღვანელობით დაარსებულ „საქართველოს მიწის მესაკუთრეთა ასოციაციაში“, რომელიც ფაქტიურად ძალადობრივად და სხვადასხვა შანტაჟის გზით ქაჩავდა ინფორმაციას თავისთან მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ასოციაციაში;

 

სააკაშვილ-მერაბიშვილის ბანდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და მათმა თანამზრახველებმა საქართველოს მიწის ბაზრის დაპატრონების გზით დაიწყეს ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრის - საქართველოს მიწის სახელმწიფო საკუთრებიდან თანდათანობითი გადატანა მათდამი კონტროლირებად კერძო მესაკუთრეთა განკარგულებაში.

 

ამავე პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე  არსებული უძრავი ქონების აღმნუსხველი ძირითადი ორგანიზაციის - ტექინვენტარიზაციისა და ტექნიკური აღრიცხვის სახელმწიფო ბიუროების საფუძველზე დაარსეს საჯარო რეესტრის სააგენტო, რომელიც დააკომპლექტეს მათდამი, ძირითადად მერაბიშვილ-ადეიშვილის პირადი ერთგულებით გამორჩეული ადამიანებით.

 

ასეთ ადამიანთა შორის მოხვდა ვინმე ივერი მელაშვილიც, რომელიც მერაბიშვილმა „მიწის მესაკუთრეთა ასოციაციიდან“ გადაიყვანა საჯარო რეესტრის სააგენტოში, როგორც მისი პირადი ნდობით აღჭურვილი პირი.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში ბეჟუაშვილის მისვლის შემდეგ ივერი მელაშვილი საჯარო რეესტრიდან გადაიყვანეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელო სამმართველოში, რომელიც სამეურნეო საკითხებით იყო დაკავებული, მაგრამ ის მაინც დარჩა ე.წ. დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრად და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელად, სადაც ის ჯერ კიდევ მერაბიშვილის ასოციაციის პროექტში მუშაობისას დანიშნეს.

 

შემდეგ უკვე ყველაფერი ის, რაც მოხდა გარეჯის საკითხის ირგვლივ, როგორც იტყვიან, მხოლოდ ტექნიკის საქმე იყო.

 

შენიშვნა: არსებული ტექსტი დაწერილია პირადად ჩემს მიერ და ეყრდნობა მხოლოდ საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული მასალების ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გაკეთებულ პირადად ჩემს ვარაუდს მხოლოდ.

 

თუ რაიმე არაზუსტი მტკიცებულება გაიპარა ტექსტში გასაგები მიზეზების გამო, მიმითითეთ და დიდი სიამოვნებით ჩავასწორებ“,- წერს მირიან ყარაულაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner