logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ხაფანგშია ოპოზიცია!
- +

18 ნოემბერი. 2020. 16:45

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

 

„ახალარჩეული პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება სრული შემადგენლობის უმრავლესობით და ცნობს ყველა იმ დეპუტატად არჩეულის უფლებამოსილებას, ვინც ბარიერგადალახული პარტიის პროპორციული სიის მოწინავე პოზიციაზეა.

 

ცნობს იმის მიუხედავად, იმ მომენტში ეს „მოწინავეები“ სხდომათა დარბაზში იქნებიან თუ არა!

 

რა ხდება ამის შემდეგ?

 

განვიხილოთ ერთი პარტიის მაგალითზე.

 

ლეიბორისტულ პარტიას მომავალ პარლამენტში ერთი მანდატი ერგება.

 

სიის პირველი ნომერი შალვა ნათელაშვილია.

 

პარლამენტი პირველ სხდომაზე ნათელაშვილის უფლებამოსილებას ცნობს.

 

ამის შემდეგ ნათელაშვილმა დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობით უნდა განაცხადოს.

 

საკითხი საპროცედურო და წესების კომიტეტის (არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას) წარდგინებით ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილონ და პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანონ.

 

პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ნათელაშვილს ოფიციალურად, კენჭისყრით უნდა შეუწყვიტოს უფლებამოსილება.

 

ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტს უგზავნის ლეიბორისტული პარტიის პროპორციული სიის მეორე ნომრის, გიორგი გუგავას კანდიდატურას, - უფლებამოსილების ცნობისთვის.

 

პარლამენტის აპარატი ცესკო-ს წერილს გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც, თავის მხრივ, პარლამენტის ბიუროზე გაიტანს საკითხს და ბიურო გუგავას უფლებამოსილების ცნობის საკითხს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანს კენჭისყრისთვის.

 

ამის შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის გიორგი გუგავას დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას.

 

მხოლოდ ამის შემდეგ აქვს გუგავას უფლება, მოიხსნას დეპუტატის უფლებამოსილება და ოფიციალურად, განცხადებით უნდა მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით.

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გუგავას დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ბიუროს სხდომაზე უნდა გაიტანოს და ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგში უნდა შეიტანოს გუგავასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

 

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით უნდა შეუწყვიტოს გუგავას დეპუტატის უფლებამოსილება.

 

ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტს უგზავნის ლეიბორისტული პარტიის პროპორციული სიის მესამე ნომერს...

 

ხომ არ დაიღალეთ?!

 

დაიღლებოდით!

 

პარლამენტიც დაიღლება, რადგან ასე გაგრძელდება, სანამ პარლამენტი ლეიბორისტული პარტიის პროპორციულ სიაში 169-ე ადგილზე განთესილი კანდიდატურის უფლებამოსილებას ჯერ არ ცნობს და შემდეგ არ შეუწყვეტს.

 

ნუ დაგვავიწყდება პარლამენტის მუშაობის წესიც: ერთი კვირა საკომიტეტოა, ერთი კვირა - სასესიო, მონაცვლეობით.

 

მოგეხსენებათ, წელიწადში 52 კვირაა, აქედან 8 კვირა დეპუტატებს არდადეგები ან შვებულება აქვთ. დარჩა 44 კვირა: 22 საკომიტეტო და 22 სასესიო. ანუ 4 წელიწადში პარლამენტი ლეიბორისტული პარტიის და ელისაშვილის პარტიის სიების კანდიდატების ჯერ უფლებამოსილების ცნობას და შემდეგ შეწყვეტას ვერც კი მოასწრებს.

 

უფრო კარგი ვითარებაა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით: მას 35 დეპუტატი ეყოლება. შესაბამისად, ხუთჯერ 35-ის უფლებამოსილების ჯერ ცნობა და შემდეგ ამ უფლებამოსილების შეწყვეტა უფრო ადვილია „ოპტომ“ და სულ რაღაც 6 თვეში მოესწრება!

 

მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარტიების სიებში ისეთი ხალხიც წერია, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის ჩაიხუტებენ დეპუტატის მანდატს და ცოცხალი თავით არ დაწერენ განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. პარლამენტის წევრის გაწვევა კი დაუშვებელია.

 

გაგეცინებათ და, „ლეიბორისტების“ სიაში მე-3 ნომრად არის მიხეილ ქუმსიშვილი, მე-4 ნომრად კი - მარინე ცუცქირიძე. შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ გსმენიათ რამე ამ „პოლიტიკოსების“ შესახებ?!

 

სამაგიეროდ, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მომდევნო ორი კანდიდატი - მე-5 ლაშა ჩხარტიშვილი და მე-6 ბექა ნათელაშვილი.

 

როგორ აღმოჩნდნენ სიაში ლაშაზე და ბექაზე წინ მიხეილი და მარინე? ვინ არიან ისინი?

 

ჰო, კიდევ ერთი გარემოება:

 

ცესკო პარლამენტს ვერ გადაუგზავნის იმ კანდიდატურას, ვინც ამ პერიოდში გარდაიცვლება (ყველას ჯვარი სწერია!) ან ვისაც სასამართლო თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის.

 

 აი, ასეთ ხაფანგშია ოპოზიცია!

 

თუმცა, ამ მექანიზმს აქვს ოპოზიციისთვის ხელსაყრელი ერთი ნიუანსი:

 

ამ დროში ბარიერგადალახული პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ჩვეულებრივად მიიღებს და უფლებამოსილების ცნობიდან უფლებამოსილების შეწყვეტამდე დეპუტატიც მიიღებს სადეპუტატო სარგოს.

 

ესეც თქვენი ბოიკოტი!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner