logo_geo
eng_logo
შალვა კერესელიძე: დარწმუნებული ვარ, მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობა მხარს დაუჭერს ქვეყანაში მშენებლობისა და განვითარების გაგრძელებას
- +

20 ნოემბერი. 2020. 16:01

 

„ჩვენ დამაჯერებლად დავამარცხეთ ყველა ჩვენი კონკურენტი, თუმცა პირველ ტურში სულ ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ ჩვენი ერთობა საბოლოო გამარჯვებისთვის“, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“ შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, მოქალაქეებს ხვალ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურის გავლა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში  შეეძლებათ. ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყველა იმ მოქალაქეს, ვინც პირველ ტურში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მადლობას უხდის.

 

„მადლობას ვუხდი მოხევეებს, დუშელებს, ხევსურებს, ფშაველებს, მთიულებს, გუდამაყრელებს, მცხეთელებს, თიანელებს, ქსნელებს, ხეობელებსა და სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის. ჩვენ დამაჯერებლად დავამარცხეთ ყველა ჩვენი კონკურენტი, თუმცა, პირველ ტურში სულ ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ ჩვენი ერთობა საბოლოო გამარჯვებისთვის. ხვალ, 21 ნოემბერს, ისევე, როგორც ქვეყნის სხვა რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში, მცხეთა-მთიანეთშიც  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ხვალ საარჩევნო უბნებზე თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში  შეძლებთ გააკეთოთ თქვენი არჩევანი. არჩევნებში  ყოველი თქვენგანის  მონაწილეობა მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა მხარს დაუჭერს ქვეყანაში  მშენებლობისა და განვითარების გაგრძელებას,  კეთილდღეობას და ჩვენს უკეთეს ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner