logo_geo
eng_logo
თამუნა ყურაშვილი ეკატერინე ტიკარაძეზე: დიპლომი არ ჰქონიაო, მხვდება სტატუსები და იმ სიუჟეტში დიპლომი ანახეს
- +

29 ნოემბერი. 2020. 14:28

 

 

სტომატოლოგი თამუნა ყურაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შესახებ 28 ნოემბერს „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ  იმ დროს, როცა ეკატერინე ტიკარაძემ ინსტიტუტი დაამთავრა, საქართველოში ორდინატურისა და რეზიდენტურის პროგრამები არ იყო.

 

როგორც თამუნა ყურაშვილი წერს, მისთვის გაუგებარია, როდესაც სიუჟეტში ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრს დიპლომი არ აქვს და ამ დროს მის დიპლომს აჩვენებენ.

 

მისივე თქმით, 90-იან წლებში ბევრი კერძო სამედიცინო ინსტიტუტი იყო საქართველოში, რომელიც ბევრ კარგ ექიმს აქვს დამთავრებული.

 

„არ მიყვარს უსამართლობა, ბევრს გავაღიზიანებ ახლა, მაგრამ დავწერ. ტიკარაძემ რომ ინსტიტუტი დაამთავრა, მაშინ არც ორდინატურა იყო საქართველოში, არც რეზიდენტურა, საერთოდ არაფერი არ იყო. დაამთავრებდი ინსტიტუტს, იყავი უმცროსი ექიმი, გაივლიდი კერძო (?) პრაქტიკებს და დაიწყებდი სადმე მუშაობას. მერე, წლებში შემოვიდა რეზიდენტურის პროგრამები და ორწლიანი არასოდეს არ ყოფილა საქართველოში, იყო ერთწლიანი. დიპლომი არ აქვსო და დიპლომი აჩვენეს. 90-იანებში ბევრი კერძო ინსტიტუტი იყო საქართველოში და ძალიან ბევრ კარგ ექიმს აქვს დამთავრებული. იმაზე დავა, როგორ ასწავლიდნენ, არარელევანტურია ამ წუთას. გააჩნია, ვინ როგორ სწავლობდა.

 

თსსუ პროფესორები ასწავლიდნენ უმრავლესობაში. მეც კერძო აკადემია დავამთავრე და დიმა კორძაია, ნათელა მამფორია და თამარ დეკანოსიძე მასწავლიდნენ. ბატონი საშა ბრეგვაძე, გოგი ყიფიანი და მამუკა მარგველაშვილი გვიკითხავდნენ ლექციებს და პრაქტიკულებს. მერე ამ დიპლომით წავედი საზღვარგარეთ, ჩავაბარე ორდინატურაში, ვისწავლე და 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავე კათედრაზე ორი წელი. მივიღე ძალიან, ძალიან ბევრი პაციენტი, აქ რომ 10 წელი ვერ მიიღებდა ახალდამთავრებული ექიმი, იქ ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდა. აღმოჩნდა, რომ აქ არ ჭრის. აქაც მომიწია მერე ჯერ ზოგადი ექიმის ჩაბარება, მერე სპეციალობის ცალკე, მერე კიდევ სუბ სპეციალობების რამდენიმე გამოცდის, რომ მომიჯნავე დარგებშიც მქონოდა მუშაობის უფლება.

 

არ ვიცი ტიკარაძის სამუშაო გამოცდილება, მაგრამ დროს და კონტექსტს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა.

 

P.S. დიპლომი არ ჰქონიაო, მხვდება სტატუსები და იმ სიუჟეტში დიპლომი ანახეს, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. სხვა რამეზე ვედაოთ“, - წერს თამუნა ყურაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner