logo_geo
eng_logo
ნინო ახობაძე: გარინჩა - ის იქცა ლეგენდად!
- +

30 ნოემბერი. 2020. 02:37

 

 

სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში, ფეხბურთელ გარინჩაზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ბავშვი ვიყავი; არ მახსოვს რა ასაკში, წიგნი ჩამივარდა ხელში-ფეხბურთზე, უფრო სწორად ფეხბურთელებზე. არ ვიცი რატომ მომინდა მაშინ ამის წაკითხვა, მაგრამ ღამე გავათენე.

 

სად იყო მაშინ ინტერნეტი და ამდენი ინფორმაცია! გარინჩაზე იყო ეს წიგნი. მის ცხოვრებაზე, ფეხბურთზე და მის დასასრულზე. ვერაფრით ვიხსენებ ავტორს, ან გურამ ფანჯიკიძე იყო, ან დათო ქლიბაძე, ასე მახსოვს.

 

წავიკითხე და გავსკდი ტირილით. შემიყვარდა ეს სპორტი, მიყვარდა გარინჩა-როგორც უბრალო ოჯახიდან გამოსული ერთი უცნაური ბიჭი, რომელსაც ცხოვრებამ მისცა თან ყველაფერი, თან არაფერი. წიგნი ბიოგრაფიული იყო და თვითმხილველების მონაყოლიც  ბევრი იყო მასში.

 

მანოელ ფრანსისკო დოს სანტოსი-გარინჩა.

 

ეს იყო პირველი გვარი, რომელიც მაშინ ვისწავლე, დავიზეპირე! და იმდენი რამ დამავიწყდა მას მერე... ეს მახსოვს.

 

იმის მერე ფეხბურთი ჩემთვის მხოლოდ სპორტი არ არის. ეს ადამიანების ბედისწერაა, სხვა სამყაროა.

 

ეს არის: შრომა, წვალება, დაფასება, ვერდაფასებაც, ვარჯიში, ნებისყოფა, მიზანი, სიხარული, ტკივილი, ტაში, სტვენა, დაცემა, წამოდგომა, დიდების მწვერვალი და...

 

ბოლო მატჩი.

 

მერე ვიღაცა რჩება პელე-დ, ვიღაცა იწყობს ცხოვრებას და ჭკვიანურად წარმართავს, ვიღაცას მხოლოდ წარსულის დიდება რჩება...

 

რატომ მიყვარს იცი ფეხბურთი?

 

იმიტომ რომ ის ცხოვრებას გავს.

 

უნდა ისწავლო გუნდურად თამაში, ღირსეულად დახვდე მეტოქეს და დამარცხებაც შეგეძლოს. აქაც ისევე იტყუები, როგორც ცხოვრებაში, აქაც არავის აინტერესებს შენს პირადში რა სირთულეებია; გამოდიხარ მოედანზე და ყველა შენ შემოგცქერის. არ გპატიობენ მარცხს, კარგი ხარ-ტაშს გიკრავენ, შეგეშლება-ბრაზობენ..

 

ჰოდა გარინჩაზე ვყვებოდი...

 

მრავალშვილიან უღატაკეს ოჯახში გაზრდილ ბიჭზე, რომელსაც მარცხენა ფეხი მარჯვენაზე ექვსი  სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა (!) და ექიმები თვლიდნენ რომ მისთვის სიარულიც კი დიდი ფუფუნება იქნებოდა!

 

მაგრამ მისი უდიდებულესობა იღბალი სხვაგვარად ალაგებდა ამ ბიჭის ცხოვრების კარტებს;

 

მოვა დრო და ახალბედა ფეხბურთელზე იტყვიან: "თუ ეს ბიჭი აღმოჩნდება სხვა კლუბში, მე ვერ შევძლებ მშვიდად ძილს. ხოლო თუ ეს ბიჭი ჩვენთან დარჩება, მაშინ სხვა კლუბების მცველები ვერ შეძლებენ მშვიდად ძილს".

 

და ასეც მოხდა.

 

ბრაზილიამ შეიყვარა და თაყვანი სცა თავის შვილს;

 

ის იქცა ლეგენდად.

 

როცა ის დიდების მწვერვალზე იყო და უკვე ყველა ცნობდა ქუჩაში, ერთხელაც მოხვდა ერთ პატარა ქალაქში (არ მახსოვს რა მიზეზით) სასტუმროდან გასულს დაუნახავს მოპირდაპირე ქუჩაზე ორი კაფე. ერთი-სავსე ადამიანებით, მეორე-ცარიელი. და თავდახრილი ჩქარი ნაბიჯით წავიდა იმ კაფესკენ, სადაც არავინ იჯდა. შევიდა, მიესალმა ბარმენს, რომელიც ალბათ უკვე მეასეჯერ წმენდდა ჭიქებს და უსაქმურობისგან აღარ იცოდა რა ექნა.  მეორეში რომ შესულიყო, მას უცებვე იცნობდნენ და ალბათ ხელში ატაცებულს აისროდნენ ზეცაში...

 

ჰოდა იქვე მოთამაშე პატარა ბიჭმა იცნო. იცნო და დაიყვირა-"გარინჩაა! ეს ხომ მანეა"!!!! (მას ასე ეძახდა ხალხი სიყვარულით)

 

ერთ წუთში ეს ცარიელი კაფე გაივსო ზღვა ხალხით თურმე... და მას მერე მრავალი წელი ის სკამი, რომელზეც გარინჩა იჯდა, კედელზე ეკიდა იმ პატარა კაფეში, რომელსაც არასოდეს კლიენტი აღარ მოჰკლებია...

 

ჰოდა იცხოვრა ამ ბიჭმა ფეხბურთით, მილიონობით ადამიანის გულები ახარა, ითამაშა, იცხოვრა და საოცარ სიღატაკეში დაასრულა სიცოცხლე.

 

დაუშავა მხოლოდ საკუთარ თავს და ბედნიერი გახადა უამრავი ადამიანი...

 

გარინჩას საფლავზე ასეთი წარწერაა:

 

"აქ განისვენებს ის, ვინც ხალხის სიხარული იყო — მანე გარინჩა".

 

მე არ ვიცი ზუსტად რას გრძნობს ფეხბურთელი, რომელიც ბოლო გამოსამშვიდობებელ მატჩს ატარებს, მაგრამ ასე წარმომიდგენია:

 

იქ მთავრდება ერთი სიცოცხლე, და იწყება მეორე-ვიღაცისთვის გარანტირებული კეთილდღეობით შევსებული, სხვისთვის მხოლოდ წარსული დიდებით და წინ უამრავი შეცდომით სავსე..

 

49 წლის გარინჩა ალკოჰოლიზმის მსხვერპლი გახდა და წავიდა...

 

გარინჩას გასვენებას პელე არ დასწრებია.

 

მოგვიანებით ის თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ ცხედრებისა და დაკრძალვის ეშინოდა.

 

300 000-მდე ადამიანმა გააცილა გარინჩა ბოლო გზაზე.

 

მარადონაზე გამახსენდა ეხლა ეს ყველაფერი. თითქოს არაფერი საერთო; ერთი ბრაზილიელია, მეორე არგენტინელი. მოედანზე ისინი ცხადია არ გადაკვეთილან.

 

მაგრამ ჩემთვის ორივე ჩვეულებრივი ქუჩაში მოთამაშე პატარა ღარიბი ბიჭია, რომელსაც ღმერთმა მისცა ყველაფერი და არაფერი.

 

და მაინც: ორივე ლეგენდაა.

 

ცხოვრებასთან დამარცხებულებმა უამრავი ადამიანის სიყვარული რომ წაიღეს იმქვეყნად...

 

ჰოდა ალბათ მთავარიც ესაა

 

ძალიან უცნაურია ცხოვრება. იმქვეყნად მისულმა თუ უამრავი ადამიანის სიყვარული მიიტანე თან, ალბათ მერე ღმერთიც უფრო გულმოწყალე ხდება.. არ ვიცი“, - წერს ნინო ახობაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner