logo_geo
eng_logo
თიკა ანდღულაძე: გთხოვ, რომ უანგაროდ გასცე სიკეთე და ის არსაიდან დაგიბრუნდება!
- +

4 დეკემბერი. 2020. 02:16

 

 

ჟურნალისტი თიკა ანდღულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ექიმ-ფსიქოთერაპევტს, ფსიქიატრს, დათო ანდღულაძეს, რომელსაც ველოსიპედით მიმავალს მანქანა დაეჯახა საზოგადოების დახმარება სჭირდება.

 

„ამ კაცს სიყვარული უნდა დავუბრუნოთ

 

პირველი ლოქდაუნის პერიოდია, ცარიელ ქუჩებიან ქალაქს არ სძინავს, ყველანი აივნებზე ვართ გამოფენილი და ხელისგულების დაწითლებამდე ვუკრავთ ტაშს! მოულოდნელად ერთმანეთს მოწყვეტილები მთელ ემოციას ვხარჯავთ, ექიმებს ვუკრავთ ტაშს მადლობის ნიშნად! შიში, მადლიერება, გადარჩენის იმედი ყველაფერი ისმის ამ უწყვეტ ხმაში. გახსოვთ ეგ საღამო? მერე რამდენიმე დღეში კომენდატის საათიც უქმდება,  ტელევიზორში წამყვანმა მოკლე ინფორმაცია წაიკითხა, უკადროდ : „კომენდატის საათის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა.“ ასეთ ამბებს რაღაცნაირად ფილტრავს ჩვენი გონება, ისედაც დაშოკილ-დასტრესილი. არც მე მივაქციე ყურადღება და ფინჯანიდან ყავა მოვწრუპე.

 

 თანაგრძნობა მაშინ შემოდის ჩვენში, როცა X-ის იდენტიფიცირება ხდება შენს ტვინში. მეორე დღეს სოციალური ქსელი დათოს ფოტოებით აჭრელდა! ექიმი ველოსიპედით! სასწრაფოს მანქანიდან პაციენტს ურეკავს და ბოდიშს უხდის, გააფრთხილა რომ არ დალოდებოდა, ვერ მივიდოდა.

 

პირველად რომ მივედი დათოსთან, სახლში, დავაგვიანე. საათზე არ დაუხედავს, გამიღიმა. შემდეგ პაციენტს გადაურეკა თუ შეგიძლია 10 წუთით გვიან რომ მოხვიდეო, მერე იმის შემდეგს გადაუწია 10 წუთი, მერე მომდევნოს. არცერთს არ დაგვაკლო სეანსის დრო, თვითონ ნახევარი საათით გვიან დაასრულა სამუშაო დღე. ჩემგან თანხაც არ აიღო, როცა აღმოაჩინა რომ მოგვარე ვარ.

 

სანამ იმას გეტყვით რატომ ვწერ ამ ბლოგს, რა მინდა გთხოვოთ, ცოტათი გაგაცნოთ დათო ანდღულაძეს, რომ ვიღაც „იქს“ ტიპი არ იყოს, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის.

 

დათო არის ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი. ეს ოფიციალური რეგალია. ისე კი, დათო არის კაცი, რომელიც სიყვარულს უპირობოდ გასცემს, უამრავ ადამიანს უანგაროდ ეხმარება. ჩვენი ჩახლართული ფსიქიკის, ჩვენი გაუცნობიერებელი მიჯაჭვულობების მარტივად დალაგება ეს ყველაზე მსუბუქი მისია იყო დათოსთვის. აი, როდესაც სიცოცხლე ადამიანებისთვის აზრს კარგავდა, ეს მშვიდი ტემბრით მოსაუბრე ადამიანი ჯადოქარივით ახერხებდა მისი გაუფერულებული ფსიქიკის გაფერადებას.

 

“25 წლის ვარ და მესამე წელია, რაც გარკვეული ტრაგედიის შემდეგ ვებრძვი ნევროზს, დათო ჩემი ექიმია! ჩემი ექიმი, რომელიც პატარა ბავშვებს რომ ასწავლიან ფეხის დადგმას და თან წაქცევის დროს ხელს, რომ აშველებენ ასე დამაწყებინა ახლიდან ცხოვრება“ – ამონარიდი პაციენტის პოსტიდან. „ადამიანები საათობით იდგნენ ფეხზე დათოს ლექციის მოსასმენად, სადაც ის შიშებზე და კომპლექსებზე საუბრობს“- ამონარიდი მსმენელის პოსტიდან. „პაციენტს შუა გზაზე ვერ მივატოვებ, რა ვუყოთ, სამსახური დაკარგა და არ აქვს- მისი სიტყვები.

 

ერთხელ ვუთხარი რომ ასე აღარ მივიდოდი უფასოდ სეანსზე და აღარ მივედი. დამირეკა ძლივს თავისუფალი დრო გამომიჩნდა, პაციენტი მიცდენს, ჩაის მარტო დალევა მეზარება, ხანდახან მეც მომისმინოს ვინმემ ხო შეიძლებაო. მივედი, თავიდან მართლა მომიყვა თავისი ამბები და ცოტა ხანში მივხვდი რომ მე ვყვებოდი ჩემს პრობლემაზე.

 

ცხოვრება თვითონ მიგვანიშნებს როდის უნდა დავაბრუნოთ სიკეთე. ხოდა, შენ ვინც ახლა კითხულობ მე არ გთხოვ რომ დათოს დაეხმარო. მე შენ გთხოვ, რომ უანგაროდ გასცე სიკეთე და ის არსაიდან დაგიბრუნდება. აბა, დათომ რა იცოდა რომ გავიდოდა დრო და მთელი ქალაქი ფეხზე დავდგებოდით მისთვის?

 

ასეთ კამპანიაში გამომიწვიეს მე დღეს, ჩავრიცხე 5 ლარი სიყვარულის გასაგრძელებლად და გამოიწვიე 5 მეგობარიო. მე გიწვევთ თქვენ, თქვენ გააკეთებთ იგივეს და გამოიწვევთ თქვენს 5 მეგობარს, ისინი კიდევ თავის მეგობრებს და ის მეგობრები კიდევ თავიანთ მეგობრებს და ბოლოს მთელ დუნიაზე ჩვენ ვიქნებით კეთილი ადამიანები, უანგაროდ სიცოცხლე რომ გადაარჩინეს

 

GE04BG0000000125920900 „საქართველოს ბანკი“ მიმღები  სოფიო ანდღულაძე

 

GE67TB7019045069600001 „თი ბი სი“ ბანკი მიმღები კონსტანტინე ანდღულაძე“, - წერს ჟურნალისტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner