logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რაც გურიაში ხდება, ამას პოლიტიკური სუნი კი არ ასდის, მთლიანადაა პოლიტიკურად მოტივირებული და გაჟღენთილი
- +

14 იანვარი. 2021. 16:42

 

„მთელი საზოგადოების გასაგონად, მოგმართავთ მედიას და პოლიტიკოსებს, რაც გურიაში ხდება, ამას პოლიტიკური სუნი კი არ ასდის, მთლიანადაა პოლიტიკურად მოტივირებული და გაჟღენთილი. ვინც ამ პროცესს აქეზებთ, მთლად ნუ ჩაეფლობით წუმპეში, ნუ შეეცდებით ქვეყნაში საშიში პროცესების ინიცირებას, რის საფუძველიც არ არსებობს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

სალუქვაძე პროცესში მონაწილე ადამიანებზე წერს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი აქტივისტი ფირუზ წულუკიძე ფიგურირებდა 2013 წელს ბათუმში პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმაში, ხოლო ვინმე ლაკაევს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

ანალიტიკოსი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, დააფიქსირონ პოზიცია, ხოლო მედიას მიმართავს, რომ პროცესი ფრთხილად გააშუქოს.

 

„ყველა პოლიტიკოსმა დააფიქსირეთ პოზიცია, გამოიყენეთ საკუთარი ავტორიტეტი, ამომრჩევლები. მედიას მოვუწოდებ ფრთხილად გააშუქოს, ან თუ არ იციან ფრთხილად როგორ შუქდება, საერთოდ არ გააშუქონ ეს მოვლენები, რომლებიც ჯერ პროცესებში არ გადაზრდილა. სოციალურ ქსელში გავრცელდა აქციების აქტივისტების საუბარი მიხეილ სააკაშვილთან, რომელსაც აღუქვეს, რომ „ხვალიდან მიხედავდნენ“ ცვლილებების დაწყებას. ვინაა ერთ-ერთი აქტივისტი ფირუზ წულუკიძე? ის ფიგურირებდა 2013 წელს ბათუმში პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმაში. ერთ-ერთ მონაწილეს, ვინმე ლაკაევს (ლაკაევის ვინაობა „დაგუგლეთ“) 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. წულუკიძე გასამართლდა 2 წლით, თურქეთის საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, ასევე პოლიციაზე ძალადობის ბრალდებით. აღნიშნული დანაშაულის დროს დაიჭრა პოლიციელი, ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები. ეს ცნობისთვის.

 

მოგიწოდებთ მათ, ვინც ჩართული ხართ ამ აქციებში, უნებლიეთ არ აღმოჩნდეთ თქვენთვის არასასურველი თამაშის მონაწილე.

 

ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიიღეთ ქმედითი ზომები, დროულად ჩააყენეთ საქმის კურსში ჩვენი პარტნიორები, აღკვეთეთ რელიგიური განწყობებით მანიპულირება პოლიტიკური ძალების მხრიდან.

 

საზოგადოებას, მის აქტიურ ნაწილს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გამოფხიზლებისკენ. პოლიტიკურ პროცესებში უნდა ჩაერთონ ჯანსაღი ძალები“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 2 დღის წინ დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

 

ჩოხატაურის მერიაში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner