logo_geo
eng_logo
ლევან ლორთქიფანიძე: ბავშვების ნაწილი „ფეოლას“ პრინციპით, ეზოებიდან შეკრიბეს - ფეხბურთი ყველასთვის!
- +

27 იანვარი. 2021. 13:45

 

 

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში  საზოგადოებას ახალ ამბავს ამცნობს. მისი თქმით, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია „უქიმერიონი თბილისი“, სრულიად უსასყიდლოდ ნიჭიერ ბავშვებს ეძებს.

 

„ყურადღება! ყურადღება!

 

ჩვენ გვერდით სრულიად განსაკუთრებული ამბავი ვითარდება და ვერც ვამჩნევთ!!! მეგობარმა შესანიშნავი სიახლე გამანდო. გადავამოწმე და არ მომჩვენებია, ყველაფერი ზუსტად გამიგია!!!

 

თურმე, საფეხბურთო კლუბი „უქიმერიონი“ მხატვრული ფილმის - „ფეოლას“ საზღვრებს გასცდა და ოცდამეერთე საუკუნეში გადმოინაცვლა.

 

სამი წლის წინ მოხალისეებს დედაქალაქში დაუფუძნებიათ ს.კ. უქიმერიონი თბილისი / FC Uqimerioni Tbilisi. თავიდან სამი მოთამაშე ჰყავდათ, დღეს ხუთიდან ათ წლამდე კატეგორიის სამოც ბავშვს აერთიანებენ. როგორც ამბობენ, ბავშვების ნაწილი „ფეოლას“ პრინციპით, ქუჩებიდან და ეზოებიდან შეკრიბეს.

 

კლუბს უნიკალური და სასიამოვნოდ საკვირველი მიდგომა აქვს. ინიციატორთა ერთ-ერთი ლოზუნგია: ფეხბურთი ყველასთვის! მაშასადამე, მოთამაშეები ფულს არ იხდიან, სახალხო საფეხბურთო აკადემიაში სწავლა უფასოა!!!

 

„უქიმერიონელებს“ არ სჯერათ უნიჭობის, მათ მიაჩნიათ, რომ ნებისმიერ პატარა ფეხბურთელს სათანადო შრომისა და მომზადების პირობებში შეუძლია სპორტულ მომავალზე ფიქრი.

 

„უქიმერიონში“ აქტიურად ებრძვიან ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ბავშვებს სწავლასა და სპორტს შორის არჩევანის გაკეთებას აიძულებენ. სახალხო აკადემიაში ფეხბურთის გარდა ბავშვებს ესპანურს ასწავლიან და მომავალში იტალიურისა და ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო საგნის დამატებასაც აპირებენ.

 

სახალხო აკადემიას ჩვენი იმედი აქვს, ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეგალიტარული ფეხბურთის იდეას ჩვენი სოლიდარობა სჭირდება... მათ არც გრანტი აქვთ, არც დაფინანსების მუდმივი წყარო!

 

იხილეთ ქართული ანგარიში:

უქიმერიონის ფონდი GE04TB7151145063300006

საერთაშორისო პლატფორმის ბმული: https://gofund.me/e25bb0fc

რა ბედნიერებაა, რომ ჟამიანობის დროს, ამ ტანჯვასა და ვაებაში (როგორც მერაბი  იტყოდა), ვიღაცებს მაინც შერჩათ ინიციატივის ძალა! ამ ინიციატივისთვის ბრძოლის ხალისი!

 

P.S. ხელფასი რომ ჩამერიცხება, მეც გავხდები „უქიმერიონის“ ან „შოშიას“ აქციონერი.

 

ცნობისთვის: არცერთი ჩემი ახლობელი, ნათესავი ან ნაცნობი არ არის დაკავშირებული ამ ამბავთან. იმედია, მომავალში დაუკავშირდებიან“, - წერს ლევან ლორთქიფანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner