logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: როგორც ასი წლის წინ, ისე ახლა, საქართველო შეუვალი რჩება ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში
- +

25 თებერვალი. 2021. 01:03

 

 

„საქართველო სრულიად მარტო აღმოჩნდა უდიდესი რეპრესიული სახელმწიფოს წინაშე, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი და თითქმის ერთი საუკუნით დააცილა ევროპას. თუმცა მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხი დასავლური ღირებულებების ერთგული დარჩა და მთელი ამ წლების მანძილზე არ შეუწყვეტია სწრაფვა თავისუფლებისა და ევროპისკენ“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით სოციალიურ ქსელში წერს.

 

„მოსკოვი ისევ ცდილობს საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე ზეწოლის მოხდენას და აგრძელებს ახალი სახის ბერლინის კედლით - მავთულხლართებით ჩვენი მოსახლეობის დაყოფას.

თუმცა, როგორც ასი წლის წინ, ისე ახლა, საქართველო შეუვალი რჩება ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში და ურყევად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. დღესაც, როგორც ასი წლის წინ, საქართველოსთვის გადამწყვეტია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის როლი კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებაში.

ოკუპაციის 100 წლისა და საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის თავზე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

განსაკუთრებული წარმატება გვაქვს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველო განუხრელად აგრძელებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებასა და განვითარებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანმიმდევრული ქმედებებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან დეოკუპაციას და საქართველო საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთო ევროპულ ოჯახში“, - წერს დავით ზალკალიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner