logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები აუცილებლად ჩამოიშლება და რუსული ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება
- +

25 თებერვალი. 2021. 11:11

 

„დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ებრძვის რუსულ ოკუპაციას. ჩვენს მიწაზე უკანოდ იმყოფება პუტინის რუსეთის შეიარაღებული ძალები. ჩვენს თანამემამულეებს, ოჯახებს, საზოგადოებებს ყოფს და აშორიშორებს რუსული მავთულხლართები“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ბერაია „ფეისბუქზე“ საბჭოთა ოკუპაციის დღეს.

 

„25 თებერვალი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. ქართველი ხალხის პატრიოტიზმმა, თავისუფლებისკენ სწრაფვამ და დამოუკიდებლობისთვის 70 წლიანმა ბრძოლამ ჩვენი ქვეყანა საბჭოთა მარწუხებისგან გაათავისუფლა.

 

დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ებრძვის რუსულ ოკუპაციას. ჩვენს მიწაზე უკანოდ იმყოფება პუტინის რუსეთის შეიარაღებული ძალები. ჩვენს თანამემამულეებს, ოჯახებს, საზოგადოებებს ყოფს და აშორიშორებს რუსული მავთულხლართები. უკანონოდ აკავებენ, ავიწროვებენ და კლავენ ჩვენს მოქალაქეებს, უხეშად არღვევენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს. ასობით ათასი ადამიანი მოკლებულია საკუთარ სახლში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების შესაძლებლობას.

 

მაგრამ დღეს, ქართველი ხალხის სწრაფვა და თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა ქვეყნის გამთლიანებისთვის ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენს საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას, ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებისკენ სწრაფვას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები აუცილებლად ჩამოიშლება და რუსული ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება. ქართველები, აფხაზები, ოსები ყველა ერთად დავასრულებთ ოკუპაციას და გავამთლიანებთ საქართველოს“, - წერს ბერაია.

 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner