საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„როგორი განტვინული და გონებაჩლუნგი, როგორი ზნედაცემული უნდა იყოს ადამიანი, რომ კაცს, რომელიც ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად არის, თავს დაესხას კი არა, ხმამაღლა დაელაპარაკოს?!
არც ჟურნალისტზე თავდასხმა შეიძლება და არც - არაჟურნალისტზე!
ძალადობა მიუღებელია ერთმნიშვნელოვნად!..
მე მაინც იქ ვარ, თავიდან რაც ვთქვი:
ვინა ხართ, ბიჭო, სად გაიზარდეთ, როგორ იქცევით?!
კაცი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად არის, სიძულვილმა ასე როგორ უნდა დაგაბრმავოთ, რომ ყველანაირ ღირებულებაზე უარი გათქმევინოთ?!
ამ დროს პირადი მტრებიც კი თავს არიდებენ რამის თქმას, საკუთარ თავს სცემენ პატივს და, - იმიტომ!
მოვუწოდებ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს:
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დაპირისპირების შესამცირებლად, თორემ საზოგადოების გახლეჩვა ისეთ უფსკრულში გადაგვჩეხავს, ვეღარაფერი გვიშველის“, - წერს მძინარაშვილი.