logo_geo
eng_logo
კობა ჭუმბურიძე: იქნებ მზემ შეისმინოს ოპოზიციის ვედრება და გამოანათოს, თორემ სიცივეში სამშობლოსი კი არა, თვით ფუმფულა სკამის სიყვარულიც კი ავიწყდება ქართველ პოლიტიკოსს
- +

4 მარტი. 2021. 02:55

 

 

მწერალი, პოეტი კობა ჭუმბურიძე ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება:

 

„მზეო ამოდი, ამოდი! 

ერთხელ ერთ კაცზე მითხრეს - ცოტას სვამს, მაგრამ ხარივითო...

პირველი ეგ გამახსენდა, როცა ნაცებმა და მის დუდუკზე მროკველებმა გრანდიოზული აქცია ჩაატარეს ნიკანორის მხეცურად დაპატიმრების გამო და ამ გრანდიოზულ, ცუნამივით ყოვლისწამლეკავ აქციაზე აურამდენივართ ხუთასიოდე კაცმა მოიყარა თავი.

 

თვით დედოფალმა და პუტინთან ყინვაშინადგომმა ნინაჩკამაც კი ჰალალად აღიარა - შემცივდა და მალე წავედიო.

აქ ერთ უცნაურ რამეზე შევჩერდები მცირე ხნით - ანუ, საგაზაფხულოდ ჩაცმული ნინაჩკა პუტინმა აღლუმზე დაპატიჟა და დააყენა სასტიკ ყინვაში, ვიდრე აღლუმი არ ჩატარდა და გაძლო სამშობლოსთვის თავდადებულმა ქართველმა ქალმა, მაგრამ ვერ გაუძლო თბილისში გაზაფხულისპირის სიცივეს?  რა მოხდა?

 

პირველი ვერსია იყო, რომ პუტინის ნათელი ათბობდა, რაც სწრაფად უკუვაგდე, რადგან ამ ვერსიაში ეზოთერიკა მეტია და მე კი მაგას ვერა ვხარშავ.

 

მეორე ვერსია კი უფრო დამაჯერებლად მეჩვენება. რამდენიმე წლის წინ მთავრობის სახლის წინ რო შემოღობეს ტერიტორია, მაშინ იქ, ასფალტის ქვეშ, ბოროტი ძია ბორიას ბრძანებით გაიყვანეს მილები და ახლა, როცა ოპოზიცია იკრიბება, იმ მილებში გაყინულ წყალს უშვებენ, რათა ხალხს მალე შესცივდეს და შეეგუოს საზარლად გაყალბებულ არჩევნებს.

 

ჰო-და რა ვქნათ აწი?

ეგეც მოვიფიქრე და უშურველად გიზიარებთ, ოღონდაც მალე დასრულდეს ეს უდიდესი კრიზისი კაცობრიობის ისტორიაში და სერგოჩიხლაძე კვლავ ცალ-ცალკე დაიწეროს...

ჩვენ ადრე ყველანი მზეს ვცემდით თაყვანს და შესაბამს საგალობლებსაც ვწერდით:

მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო...

მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა...

მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი...

როცა ქარი ქრის და ავდარია, მზე ჩემი კარგი მეგობარია...

სწავლობს გიგლა, ტიტინა, მზემ შემოუჭყიტინა და ასე შემდეგ.

ჰოდა ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო - ხომ გაგიგიათ?

ვითომ ფანჩა(ტუ)რის ოპოზიციამ რომ აღადგინოს ეს რიტუალი, არ არის უპრიანი?

იქნებ მზემ შეისმინოს მათი ვედრება და გამოანათოს, თორემ სიცივეში სამშობლოსი კი არა, თვით ფუმფულა სკამის სიყვარულიც კი ავიწყდება ქართველ პოლიტიკოსს“, - წერს ჭუმბურიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner