logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსზე: საქართველომ მყარად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების პირველ ათეულში
- +

5 მარტი. 2021. 16:57

 

„საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, რომელსაც „ჰერითიჯის“ ფონდი“ აქვეყნებს, მსოფლიოში ერთ-ერთ თავისუფალ ეკონომიკადაა მიჩნეული. მსოფლიოს 184 ქვეყნიდან საქართველომ 77.2 ქულით 12-ე ადგილი დაიკავა. ამასთან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის იგი 2-ე ადგილზეა (ესტონეთი - 10-ე ადგილზე), ევროპის რეგიონში - 7-ე, ხოლო მსოფლიოს უმეტესად თავისუფალი ეკონომიკის მქონე 32-სახელმწიფოთა შორის - 6-ე ადგილზე. ამ მაჩვენებლის მიხედვით საქართველო ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 24-ს უსწრებს (ირლანდიის, დანიისა და ესტონეთის გარდა). შესაბამისად, ამ ინდიკატორით საქართველომ მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა თავისი ყველა სახმელეთო მეზობელი (სომხეთი 34-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 44-ე, თურქეთი - 71-ე, ხოლო რუსეთი - 94 ადგილზე)“, - წერს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში.

 

ექსპერტის აზრით, მიუხედავად 2020 წლის უმძიმესი ეკონომიკური გამოწვევებისა, საქართველომ გაიუმჯობესა რეიტინგი ისეთი პოზიციების მიხედვით, როგორებიცაა სასამართლოს ეფექტიანობა, საგადასახადო ტვირთი, სამთავრობო ხარჯები, ფისკალური თავისუფლება და შრომის თავისუფლება.

 

იოსებ არჩვაძე რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების მიზეზებად სისტემურ რეფორმებს, კორუფციის დონის შემცირებას და გადასახადების გამარტივებას ასახელებს:

 

„აღნიშნული გაუმჯობესების მაგისტრალური გზა გავიდა მრავალწლიანი სისტემური რეფორმების განხორციელებაზე, რამაც შესაძლებლობა მისცა ქვეყანას, შემცირებულიყო კორუფციის დონე, რეგულაციებს უფრო ლიბერალური ხასიათი მისცემოდათ და გამარტივებულიყო გადასახადები და მათი ადმინისტრირება. საქართველოს რეიტინგის განსაზღვრაში მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკა ავლენს საკმაო ღიაობას დანარჩენი მსოფლიოსადმი როგორც ბრუნვის მოცულობით, ისე პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების რაოდენობით - საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ქვეყნის მშპ-ის 2/3-ს აღემატება, რაც ანალოგიურ საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია, ხოლო პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები მოქმედებს მსოფლიოს 13 ქვეყანასა და გაერთიანებასთან.

 

ბიზნესის კეთების სიიოლით კი, რომლის რეიტინგსაც რეგულარულად აქვეყნებს მსოფლიო ბანკი, საქართველომ მყარად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების პირველ ათეულში. საქართველოში მთავრობის ზომა ბოლო წლებში არ გაზრდილა - ის ერთ-ერთი დაბალია მსოფლიოში, ხოლო გადასახადების თანაფარდობა მშპ-სთან (საგადასახადო ტვირთი) ევროკავშირის საშუალო დონეს თითქმის 2.0-ჯერ ჩამორჩება. აღნიშნული ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყანაში დაგროვილი ბიზნესის კეთების მზაობის პოზიტიური კუმულატიური მუხტი ქმნიან იმის ობიექტურ წინაპირობას, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკამ უზრუნველყოს გრძელვადიანი დინამიური და მდგრადი განვითარება“, - წერს ექსპერტი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner