logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: ასე იწყებოდა შარშან ზაფხულშიც პანდემიის მეორე ტალღა
- +

7 აპრილი. 2021. 02:52

 

 

„ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა საქართველოში არსებული ეპიდვითარების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

როგორც კირტავა აღნიშნავს, აუცილებელია, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერება, ხოლო მოსახლეობისაგან - რეკომენდაციების განუხრელად დაცვა.  

 

„მკაცრი შეზღუდვების სამი თვე დაგვჭირდა, რომ პანდემიის უმძიმესი მეორე პიკის მწვერვალიდან - ორი კვირის განმავლობაში 15,000-ზე მეტი შემთხვევა მილიონ მოსახლეზე (10 დეკემბერს) 1055-მდე (10 მარტს) ჩამოგვეყვანა. 

მაგრამ უკვე 18 მარტიდან პლატო დასრულდა და ახალმა შემთხვევებმა იმატა - ამჟამად 1607-ია (რაც 13-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე შარშან სექტემბერში მეორე ტალღის დაწყებისას - 115).

აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2134-დან (28 თებერვალს) 5215-მდე, ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თანდათან იზრდებოდა ტესტების დადებითობის მაჩვენებელი, რომელმაც 1.2%-დან 2.97%-ს მიაღწია, ხოლო დღეს უკვე 3.65%-ია. 

ქვეყნის მასშტაბით პირბადის ტარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია - 51%. მართალია, თბილისში შეიძლება მეტი იყოს, მაგრამ რეგიონებში არა მგონია, 20%-ს მაინც რომ აღწევდეს.

ბიზნესის გახსნა და ტურიზმის მატება ზაფხულისაგან განსხვავებით, ჯერ არ უნდა იძლეოდეს ინფიცირების მნიშვნელოვან მატებას, როგორც რეგულაციების იგნორირება კერძოდ, რაიონებში დიდი ქორწილების და ქელეხების კვლავ მატება და სულ უფრო მეტი კლასტერის გაჩენა - ასე იწყებოდა შარშან ზაფხულშიც პანდემიის მეორე ტალღა.

და თუ მაშინ 50-შემთხვევიდან 200-300-ზე მივედით ორ-სამ კვირაში, ახლა დიდი რისკია, არსებული 500-600 შემთხვევიდან (დღეს კი უკვე ლამის 900 იყო!) აპრილის ბოლოს უკვე 2,000-3,000-ს და მეტს მივაღწიოთ!

ამას უჩვენებს ისიც, რომ 24 მარტისთვის 14-დღიან პერიოდში შემთხვევების მატების ტემპი 17% იყო, ხოლო ახლა უკვე 38%-ს მიაღწია. შარშან სექტემბრის დასაწყისში როცა ეს მაჩვენებელი 28%-ს გაუტოლდა, მერე  უკვე ექსპონენციალური ზრდა დაიწყო და მალე დღეში 100-200%-ით და მეტითაც იზრდებოდა.

აუცილებელია, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერება, ხოლო მოსახლეობისაგან - რეკომენდაციების განუხრელად დაცვა,  რეგულაციების დარღვევის გამო ჯარიმების გამკაცრება და სათანადო აღსრულება! სხვანაირად, აღდგომის წინ შეზღუდვების გამკაცრება, დიდი შანსია, უკვე ნაგვიანები იყოს!

მასობრივი ვაქცინირებით პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევამდე პირბადე, დისტანცირება და დახურულ სივრცეში შეკრებებისგან თავის არიდება ერთადერთი გამოსავალია!“, - წერს კირტავა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner