logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რა უნდა იყოს დასამატებელი, როცა ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტიანი პირი, პატრიარქი და ეკლესია მოწოდებას აკეთებს?!
- +

18 აპრილი. 2021. 00:35

 

 

„თუ ეკლესია ამბობს, რომ უნდა ვადროვოთ საკითხის მშვიდად მოგვარება შესაბამის უწყებებს, რაც არაა ერთი ან ორი დღის საქმე, ვინ უნდა იყოს ქვეყანაში, ვისაც ეს თემა საპატრიარქოზე მეტად ადარდებდეს და რატომ უნდა ავწიოთ ეს თემა აქციაზე? რასთან გვაქვს საქმე? ესაა ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტის აწევის მცდელობა, სამეზობლოში ვითარების დაძაბვის სურვილი თუ რა?“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ამირან სალუქვაძე საპატრიარქოს განცხადებას, რომელშიც საუბარია დავით გარეჯისა და ნამოხვანჰესის საკითხების გამიჯვნაზე.

 

მისი თქმით, საპატრიარქოს განცხადებაში ახსნილია ყველაფერი, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ორი თემა. საპატრიარქოს პოზიციაა - გაიმიჯნოს დავით გარეჯის და ჰესის საკითხი, ხოლო ჰესთან დაკავშირებით მხარეებმა, სპეციალისტებმა იმუშაონ რეალურად, საქმიანად და არა ფორმალურად, რათა პროექტთან დაკავშორებით არ დარჩეს კითხვები.

 

როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, საპატრიარქოს მოწოდების, ასევე პრემიერის გადაწყვეტილებით იქმნება ექსპერტთა საბჭო, მის ფარგლებში კი თემატური ჯგუფები. სამუშაო საკმაოდ დიდია, მასალების მოცულობიდან გამომდინარე. მხოლოდ ამ ჯგუფში მაქსიმალური ჩართულობა, ყველაფრის დეტალურად შესწავლა, ზეწოლის და ემოციების გარეშე, მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.

 

„ერთ წერილსაც დავწერ ამ თემაზე და, ალბათ, ექსპერტთა საბჭოს მუშაობის დასრულებამდე, რომელშიც საპატრიარქოს და მთავრობის მოწოდებით, ყველა დაინტერესებული უნდა ჩაერთოს, შესვენებას ავიღებ. საპატრიარქოს ფეისბუკ გვერდზე განცხადება წავიკითხე, რომელიც მიმართულია დავით გარეჯის და ნამოხვანჰესის საკითხების გამიჯვნისკენ. განცხადებაში წერია, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია რამდენიმე ნიშნით, რომ არაა მართებული ამ ორი თემის ერთ სივრცეში გაერთიანება.

 

თითქოს რა უნდა იყოს დასამატებელი, როცა ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტიანი პირი, პატრიარქი, და ინსტიტუტი, ანუ ეკლესია, მოწოდებას აკეთებს?! განცხადებაში ახსნილია ყველაფერი, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ორი თემა.

 

თუმცა, თუ გადავხედავთ კომენტარებს, შეხვდებით რამდენიმე შეფასებას, რომლებშიც ღიად აკრიტიკებენ ეკლესიის პოზიციას, როგორც ამ ორი თემის გამიჯვნის, ასევე თავად დავით გარეჯთან მიმართებაში. ადანაშაულებენ კიდეც. ახლა ვფიქრობ, თუ საპატრიარქოს აკრიტიკებენ ასეთ მნიშვნელოვან საკითხში, ჩვეულებრივი მოკვდავის აზრი ვის რაში აინტერესებს?!

 

დავით გარეჯთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ცნობილია. არც ახსნას შევეცდები რატომ არ შეიძლება ამ ორი თემის შედარება. თუ ეკლესია ამბობს, რომ უნდა ვადროვოთ საკითხის მშვიდად მოგვარება შესაბამის უწყებებს, რაც არაა ერთი ან ორი დღის საქმე, ვინ უნდა იყოს ქვეყანაში, ვისაც ეს თემა საპატრიარქოზე მეტად ადარდებდეს და რატომ უნდა ავწიოთ ეს თემა აქციაზე?!

 

მაშ რასთან გვაქვს საქმე? ესაა ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტის აწევის მცდელობა, სამეზობლოში ვითარების დაძაბვის სურვილი თუ რა? ეს რიტორიკული კითხვებია, რა თქმა უნდა, და ბრალს არავის ვდებ. ამიტომ, იმედია გაითვალისწინებენ საპატრიარქოს მოწოდებას.

 

რაც შეეხება ნამოხვანჰესს, თემით დავინტერესდი, როცა მოსახლეობაში ქუთაისის და რეგიონის დატბორვის საშიშროების შიშის შეგრძნება გაჩნდა. ასევე იყო მწვავე პოზიციები ეკოლოგიასთან, წიაღისეულთან, კლიმატზე შესაძლო ზემოქმედებასთან, პირობებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

 

მოვიძიე მასალები. მქონდა რამდენიმე წერილი ამ თემაზე, მათ შორის გახმაურებულ 15 წელთან დაკავშირებით. დავწერე რომ დანარჩენ საკითხებს ვსწავლობ, რამდენადაც შევძლებ. მხოლოდ ხელშეკრულება 200-გვერდიანია. ამ თემებს გარდა, ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს და რთულია მოკლე ვადებში ზღვა მასალის გადამუშავება.

 

შემდეგ გამოჩნდა, რომ ტექნიკური ნიუანსები მეორეხარისხოვანი ყოფილა და გართულება თურქული კომპანიის გამო იყო. ერთი პერიოდი მასალების კითხვასაც შევეშვი.

 

ახლა წავიკითხე ინტერვიუ (იხ. წინა პოსტი), სადაც საუბარია, რომ თურქული კომპანია კი არა, ქართველ ფიზიკურ პირსაც რომ ეკუთვნოდეს, მაინც გავაპროტესტებთო. ანუ მიწის საკითხია წითელი ხაზი და არა თურქული კომპანიაო.

 

ეს წინააღმდეგობრივი პოზიციები რომ არსებობდა, თავშივე შევატყვე, მაგრამ ჩემს შეფასებებში ყოველთვის მოზომილი ვარ ხოლმე, განსაკუთრებით როცა ემოციები პიკს აღწევს. უბრალოდ, ახალი პრობლემა წამოიჭრა - კერძო საკუთრების თემა წამოვიდა წინ. მაშინ ღირს რომ თვეები დავხარჯო ამ მასალების შესწავლაში? დრო გადასაყრელი არავის აქვს. ყველას თავისი ცხოვრება და პრობლემები აქვს. თავზე არავის ვახვევ და არც ჩემს დროს ვამადლი. მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე რაზე დავხარჯო?!

 

მაგ ხეობაში რამდენიმე ჰესი და კასკადია: შაორჰესი, რიონჰესი, გუმათჰესი, ვარციხეჰესი. ამ ან სხვა ათობით ჰესთან მიმართებაში პროტესტი არ არსებობს. ყველგან იგივე პირობებია, ან საკუთრება, ან აღნაგობა. ასეთი პრაქტიკა და კანონმდებლობაა.

 

იგივეა არა მხოლოდ ჰესების შემთხვევაში, არამედ საწარმოების, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების და ა.შ.

 

მოკლედ, საპატრიარქოს 14 აპრილის განცხადებაში ნათქვამია, რომ "საჭიროა შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის საინტერესო კითხვების დასმისა და პასუხების მიღებისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური..."

 

ანუ, საპატრიარქოს პოზიცია ასეთია: გაიმიჯნოს დავით გარეჯის და ჰესის საკითხი, ხოლო ჰესთან დაკავშირებით მხარეებმა, სპეციალისტებმა იმუშაონ რეალურად, საქმიანად და არა ფორმალურად, რათა პროექტთან დაკავშირებით არ დარჩეს კითხვები.

 

საპატრიარქოს მოწოდების, ასევე პრემიერის გადაწყვეტილებით იქმნება ექსპერტთა საბჭო, მის ფარგლებში კი თემატური ჯგუფები. სამუშაო საკმაოდ დიდია, მასალების მოცულობიდან გამომდინარე. მხოლოდ ამ ჯგუფში მაქსიმალური ჩართულობა, ყველაფრის დეტალურად შესწავლა, ზეწოლის და ემოციების გარეშე, მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner