logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ის არის ნათელი ფერების სამოსში ჩაცმული კოკობზიკა გოგონა
- +

20 აპრილი. 2021. 16:10

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„გუშინ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა - ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ზოგიერთი მიუღებელი პუნქტის მიუხედავად, საშუალებას იძლევა, გარკვეულწილად განიმუხტოს არსებული პოლიტიკური კრიზისი და ქვეყანა დაბრუნდეს ნორმალურ საკანონმდებლო სივრცეში.

 

დიახ, ეს მოხდა, მაგრამ პარალელურად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადაიდგა, რომელზეც ზოგი ნიშნის მოგებით, ზოგი ირონიით, ზოგი კი აშკარა აგრესიით საუბრობს და შეიძლება ითქვას, რომ ჯეროვანი ყურადღება არ ეთმობა.

 

სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. დატოვა აშკარა დემარშით, რაც ამ პოლიტიკური პარტიის ფანატიკურ წევრთა თუ მხარდამჭერთა მხრიდან აღქმულ იქნა როგორც ღალატი.

 

ღალატი იდეის, განვლილი ბრძოლის და ტუსაღობაში მყოფი ლიდერის ღალატი.

 

სალომე სამადაშვილის როგორც პოლიტიკური ფიგურის მიმართ, არანაირი აზრი არ მქონია (დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც). მეტიც - მას პოლიტიკოსად საერთოდ ვერ აღვიქვამდი.

 

ვერ აღვიქვამდი, რადგანაც არასდროს მსმენია მისი ინიციატივები, საკანონმდებლო წინადადებები. არ მინახავს მისი დებატები ოპონენტთან, სადაც ის რკინის არგუმენტებით გაანადგურებდა მოწინააღმდეგის მოსაზრებებს.

 

არ წამიკითხავს მისი სტატია, კვლევა ან პუბლიცისტური ნაშრომი ქვეყნის განვითარების თუ არსებული მდგომარეობის შესახებ.

 

მოკლედ რომ ვთქვა, ის იყო (და არის) ნათელი ფერების სამოსში ჩაცმული კოკობზიკა გოგონა, რომელიც დასავლეთში ცხოვრების ხანგრძლივი დროისა და ბელადთან ახლო ურთიერთობის წყალობით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპში მოხვდა.

 

ბუნებრივია, ქალბატონ სამადაშვილს  აქვს გარკვეული ხედვა თავისი გარემოცვის მიმართ, რომელიც მისი სწორედაც კოკობზიკური მენტალობიდან გამომდინარე ვერ აიტანდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებულ იმ ცვლილებებს, რის შედეგადაც პარტიაში და საპარლამენტო სიაში ე.წ. ბოლშევიკურ-პროლეტარული აზროვნების ადამიანები მოვიდნენ.

 

ვერც აიტანა და მისი სააკაშვილთან საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, პარტიის ზონდერ-წევრების მხრიდან აგრესიისა და მუქარის ობიექტი გახდა.

 

აღარ გავაგრძელებ სალომე სამადაშვილის პოლიტიკური სახის ფსიქოლოგიურ ჭრილში განხილვას, მაგრამ იმას კი აუცილებლად ვიტყვი - მისმა ამ ნაბიჯმა ყველასთვის და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ოდნავ მოაზროვნე წევრებისთვის ნათელი გახადა ამ პოლიტიკური წარმონაქმნის ბოლშევიკურ სექტად გარდაქმნის პროცესის საბოლოოდ დასრულება და ის შიდა რღვევა, რაც ამ ორგანიზაციას საბოლოო კრახამდე მიიყვანს“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner