logo_geo
eng_logo
თენგიზ გაჩეჩილაძე: იმედოც დაგვემშვიდობა!
- +

22 ივლისი. 2021. 18:07

 

 

„ლელოს“ მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ხელბურთის ლეგენდის, იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო და სოციალურ ქსელში წერს: 

 

„იმედოც დაგვემშვიდობა!

 

შემოდგომაზე, გაისად, ამ ლეგენდარული ხელბურთელის 80 წლის იუბილე უნდა გვეზეიმა. სამწუხაროდ, მძიმე ავადმყოფობამ მოუსწრაფა ზეციურ საქართველოში ამაღლება. იმედო ფხაკაძის გარდაცვალება არამარტო ეროვნული  ხელბურთის, საერთოდ, ქართული სპორტის აუნაზღაურებელი დანაკლისია.

 

მთელი ცხოვრება ხელბურთის სიყვარულით იცოცხლა და მთელი თავისი პიროვნული რესურსი მის აღზევებას უშურველად შეწირა თანაგუნდელებთან ერთად. უმაღლეს ხარისხში აყვანილი ადამიანური და პროფესიული ღირსებებით მოიპოვა როგორც სპორტულ, ისე საზოგადოებრივ სარბიელზე საყოველთაო სიყვარული და დაფასება.

 

12 წელიწადი ინარჩუნებდა ადგილს  დიდების მწვერვალზე თბილისის „ბურევესტნიკთან“, საქართველოს თუ საკავშირო  ნაკრებთან ერთად, როგორც  მსოფლიო სტუდენტთა თამაშების ჩემპიონი, სსრკ-ის ორგზის ჩემპიონი და ოთხგზის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის მონაწილე. შემდეგ  სახელი და წარმატებები  გაგრძელდა მწვრთნელის ამპლუაში. შეგირთთაგან ალექსანდრე ანპილოგოვი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მშობლიური „ბურევესტნიკი“ კი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადიდან. ავარჯიშებდა იორდანიის, მალის ნაკრებ გუნდებს.

 

საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა 2008 წელს მოიგო ევროპის ხელბურთის ფედერაციის გამოწვევის თასი (ჩელენჯ ტროფი).

 

როგორც შესანიშნავი ორგანიზატორი, თავის დროზე საქართველოს სპორტკომიტეტში   სახელმწიფო მწვრთნელის მაღალი თანამდებობაზე, შემდეგ     კი განათლების სამინისტროში ბავშვთა და მოზარდთა ცენტრალური სასპორტო სკოლის დირექტორად დაინიშნა.

 

2012 წლიდან ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო და კვლავაც სპორტის ამ სახეობისადმი გაუნელებელი  სიყვარულით ცხოვრობდა.

 

ხელბურთის რაინდის, იმედო ფხაკაძის ნათელ ხსოვნა სამარადისოდ დარჩება ქართული სპორტის ისტორიასა და თაობების ხსოვნაში“, - წერს თენგიზ გაჩეჩილაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner