logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: გავიგე, ახალ მინისტრს ეძებენ სოფლის მეურნეობის დარგში
- +

8 სექტემბერი. 2016. 15:28



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი  ირაკლი გოგავა სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს ირაკლი კირვალიძეს იხსენებს, რომელმაც ხელოვნურად გაუძვირა მოსახლეობას პურის ფასი. იგი იმედოვნებს, რომ ახალი მინისტრი იქნება ისეთი, რომელიც „ტრაქტორებზე ფულს არ მოხსნის, ინდური ზებუს ხორცით მოსახლეობას არ დაწამლავს და პურს ხელოვნურად არ გაუძვირებს ხალხს"



„2003 წელს სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძის უმოქმედობის გამო ფქვილის დეფიციტი შეიქმნა ქვეყანაში. პურის ქარხნებმა ფასები იგივე დატოვეს, ხოლო პურის წონა შეამცირეს. ეს ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევდა ცალსახად. მაშინ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ვიყავი და ავტეხე განგაში. სტატისტიკის სამსახურმა და საქსტანდარტმა დამიდასტურეს დოკუმენტურად რეალობა. მოვითხოვე მთავრობის სხდომაზე მისვლა - მიმიწვია შევარდნაძემ და სიტყვაც მომცა. დოკუმენტურად დავასაბუთე ჩემი პოზიცია და დასკვნა იყო შემდეგი: ან მინისტრ კირვალიძის უუნარობასთან გვქონდა საქმე ან საბოტაჟთან. შევარდნაძემ 24 საათი მისცა კირვალიძეს თავის მართლებისთვის ან მოგხსნიო. მეორე დღეს შევარდნაძემ მიმიწვია და მეუბნება: „გუშინ საღამოს ელჩი მაილსი იყო ჩემთან და მითხრა, კირვალიძეს თუ არ მოხსნი, დიდი რაოდენობით ხორბალს გაჩუქებთო". თუ კარგად მახსოვს, ორ დიდ გემზე იყო საუბარი. შევარდნაძე აგრძელებს: „ვიცი, ეგ ოპოზიციას აფინანსებს და იმათზე მუშაობს, მაგრამ უარს ვერ ვიტყვი ამ საჩუქარზეო". რამდენიმე დღეში მივედი ელჩ მაილსთან შეხვედრაზე და ვეუბნები, რატომ იცავთ იმ მინისტრს, რომელიც ხალხისთვის პურს აძვირებს და, თქვენივე საელჩოს კვლევით" ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სტრუქტურას ხელმძღვანელობს? (2002 წელს მართლაც გამოქვეყნდა ამერიკული კვლევა, სადაც კორუმპირებული სტრუქტურების სიაში პირველზე გავიდა თბილისის არქიტექტურის სამსახური, ხოლო მეორეზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კერძოდ ვეტერინარული დეპარტამენტი). მაილსმა მიპასუხა: ეს კვლევა მოძველდაო.

 

ეს ისტორია გამახსენდა, გავიგე, ახალ მინისტრს ეძებენ სოფლის მეურნეობის დარგში. მთავარია, ისეთი კაცი შეარჩიონ, რომელიც ტრაქტორებზე ფულს არ მოხსნის, ინდური ზებუს ხორცით მოსახლეობას არ დაწამლავს და პურს ხელოვნურად არ გაუძვირებს ხალხს", - წერს ირაკლი გოგავა facebook- გვერდზე.


 

right_banner
არქივი
right_banner