logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: ეს ამბავი საჯაროდ არსად მომიყოლია... მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მერაბ ბერძენიშვილის...
- +

18 სექტემბერი. 2016. 22:46



ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებას მთელს საქართველოს უსამძიმრებს და საინტერესო ისტორიას იხსენებს, რომელიც აქამდე არსად უთქვამს.


 

„მთელი გულით გისამძიმრებთ, ვისაც მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალება გეწყინათ...

 

სულ ორჯერ შევხვდი - პირველად მაშინ, როცა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიით და მედლით დამაჯილდოვა და მეორედ მაშინ, როცა გრიგოლ ჩიგოგიძესთან ერთად სახლში ვესტუმრე და ჩემი წიგნი ვაჩუქე.

 

ბევრი არცერთხელ არ ულაპარაკია. სულ რამდენიმე სიტყვა მითხრა, მაგრამ თავისი მზერით იმხელა სითბოს და სიყვარულს გამოსცემდა, რომ სიტყვას ასჯერ სჯობდა.

 

დაჯილდოვების შემდეგ, 2014 წლის 21 ნოემბერს, ქვედა სართულზე ჩამოვინაცვლეთ, სუფრა იყო გაშლილი. ჩემი ფოტოაპარატით სამახსოვრო ფოტოებს ვიღებდი. ბატონი მერაბი "საქართველოს კულტურის ფონდის" წევრებთან ერთად იჯდა. ერთ-ერთმა, აკადემიკოსმა ოთარ ჯაფარიძემ მითხრა, საყდრისს რომ ასე თავგამოდებით იცავ, კარგი გოგო ხარ, მაგრამ მუზეუმებთან მიმართებაში რასაც ამბობ და აკეთებ, აი, მაგაში ძალიან ცდებიო. იქვე მყოფმა მეორე აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ კვერი დაუკრა და მოკლედ მადღეგრძელა. დანარჩენები ჩუმად იყვნენ.

 

ბატონმა მერაბმა მოკლედ თქვა თავისი სათქმელი - 2012-ში ხელოვნების მუზეუმიდან ხატების გატანას, რომ ცდილობდნენ, ერთი კარიდან არ გაატანინეს, წინააღმდეგობა გაუწიე, მაგრამ იმ მუზეუმს მეორე კარიც აქვს და ღმერთმა იცის იქიდან რა გააქვთ და რა შემოაქვთო. ყველა გაჩუმდა, ვეღარაფრის თქმა ვერ გაბედეს.

 

ეს ამბავი ასე საჯაროდ აქამდე, არც დამიწერია და არც მომიყოლია. ახლა რატომღაც მომინდა მეთქვა და ვთქვი.

 

მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მერაბ ბერძენიშვილის, მე უღირსი სხვებისგან რომ გამომარჩია და ექვთიმე თაყაიშვილის პრემიის ლაურეატი, რომ გამხადა.

მეორე რომ ვესტუმრე, თავისი წიგნები მაჩუქა, თბილზე თბილი წარწერით.

 

ახლახანს ზურა გომელაური  და მისი მეუღლე დამპირდნენ, მერაბ ბერძენიშვილთან ინტერვიუს ჩაწერაში დაგეხმარებითო. ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონია და დროის გასვლას ველოდებოდით, რომ მომჯობინებულიყო და ინტერვიუს შესახებ გვეთქვა. ვეღარ მოვასწარით. ძალიან ვწუხვარ.

 

ვწერ და ცრემლები მომდის. კიდევ ერთხელ გითანაგრძნოთ ყველას, ვინც მის გარდაცვალებას განიცდით.

 

უფალმა დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი.

 

ფოტოზე მინაწერი - ეს სამახსოვრო ფოტო ანი კიკნაძე- გადაგვიღო, დაჯილდოვების შემდეგ."- წერს მიქიაშვილი.




 

right_banner
არქივი
right_banner