logo_geo
eng_logo
საქართველო როგორც ფისკალური რეფორმის წარმატებული მაგალითი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება
- +

29 ოქტომბერი. 2019. 15:38

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, ავღანეთისა და პაკისტანის („MENAP“) რეგიონული მიმოხილვა გამოაქვეყნა.

 

მიმოხილვაში ცალკე ჩანართი ეთმობა საქართველოში წარმატებით განხორციელებული ფისკალური რეფორმების ანალიზს - „ფისკალური რეფორმების გაკვეთილები საქართველოში“.

 

მიმოხილვის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის, ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციის შემცირებისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით.

 

აღნიშნული გულისხმობს:

 

საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩოს გაუმჯობესებას, მათ შორის, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების უნიფიცირების, ბიუჯეტის შესრულების პროცესის გაუმჯობესებისა და პროგრამული ბიუჯეტირების საშუალებით;

 

ფისკალური წესების დანერგვას (2018 წელს წესების გაუმჯობესებას);

 

საგადასახადო პოლიტიკისა და საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას;

 

ანალიზის პროცესში დაფარვის არეალის გაზრდასა და ფისკალური რისკების იდენტიფიცირებას.

 

მიმოხილვაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული 2012 წლის შემდეგ მიღწეულ გაუმჯობესებაზე „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ და 2015-2017 წლებში მიღწეულ შედეგებზე როგორც აღნიშნულ ინდექსში, ისე საგადასახადო ეფექტიანობის მიმართულებით.

 

ანგარიშში საუბარია მარტივ საგადასახადო რეჟიმზე, რაც უზრუნველყოფს გადასახადების გადამხდელებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას.

 

მიმოხილვაში ასევე, ხაზგასმულია, რომ მოქნილი ფისკალური წესების საშუალებით, შეიზღუდა სახელმწიფო ვალის ზრდა და შემცირდა მთავრობის დანახარჯების მერყეობა, და რეფორმები მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარებითა და ადამიანური რესურსების განვითარებით.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები ადასტურებს, რომ მიღწეული პროგრესის მიხედვით, საქართველო უპირობო ლიდერს წარმოადგენს რეგიონში და ქვეყანა დასახელებულია როგორც ფისკალური რეფორმის წარმატებული მაგალითი.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner