logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: 2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
- +

20 თებერვალი. 2020. 13:18

 

„2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, პროგნოზთან შედარებით გადაჭარბება, ძირითადად, კაპიტალური პროექტების მაღალი შესრულების ხარჯზე მოხდა.

 

„2019 წელს კაპიტალური ხარჯების ათვისების პროგნოზი 3 მილიარდ 710 მილიონ ლარს შეადგენდა. დონორების დაფინანსებული პროექტებისა და მუნიციპალური პროექტების გადაჭარბებით შესრულების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა 470 მილიონი ლარით მეტის ათვისება. მთლიანობაში, კაპიტალურ ხარჯებზე 2019 წელს მიიმართა 4 მილიარდ 180 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

როგორც მან აღნიშნა, 2019 წელს ათვისება არა ავანსების, არამედ სამშენებლო სამუშაოების მოცულობის მაღალი შესრულების ხარჯზე მოხდა. მისი თქმით, 2016 წელთან შედარებით, სახელმწიფო ინვესტიციების მოცულობა, თითქმის გაორმაგებულია, რაც არ მომხდარა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე.

 

„პირიქით, ბიუჯეტის დეფიციტს კლებადი ტენდენცია აქვს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2019 წელს გვქონდა მისი ისტორიული მინიმუმი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner