logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: „Fitch“-ის შეფასება პოზიტიური გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართ, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილურია
- +

19 აგვისტო. 2020. 14:21

 

 

 

სარეიტინგო კომპანიის „Fitch“-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც მინისტრი ნათია თურნავა ეკონომიკური პროფილის კვლევითი და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

 

მინისტრის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიის შეფასება საქართველოს მიმართ მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომლებიც კომპანიამ როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე მსოფლიოს უფრო მეტად განვითარებული ქვეყნების მიმართ მიიღო. მისი თქმით, „Fitch“-მა, ძირითადად, შეამცირა ყველა იმ ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი, რომლებიც, საქართველოს მსგავსად, ბოლო პერიოდში შეაფასა.

 

„ამ ფონზე საქართველოსთვის სუვერენული რეიტინგისა და პერსპექტივის უცვლელად დატოვა არის ნდობა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციებისა და მმართველობის მიმართ. „Fitch“-მა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის თანამიმდევრულობა და საიმედოობა ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადობას შოკების მიმართ. ეს შეფასება მნიშვნელოვანი ფაქტორი და უაღრესად პოზიტიური გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართ, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილურია, ბიზნეს გარემო კი ხელსაყრელი როგორც არსებული ბიზნეს საქმიანობის განვითარებისთვის, ასევე ახლის დასაწყებად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მინისტრმა მაგალითად მოიყვანა რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომლებიც სწორედ პანდემიის პერიოდში განხორციელდა.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პერიოდშიც კი ბევრმა ინვესტორმა ჩვეული გრაფიკით გააგრძელა საქმიანობა, ბევრმა კი სწორედ ამ დროს მიიღო გადაწყვეტილება ინვესტირების შესახებ. ეს ნიშნავს ნდობას საქართველოს ეკონომიკის, მისი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის, თანამიმდევრული რეფორმებისა და რაც მთავარია, განვითარების კურსისადმი. ამასვე მიანიშნებს „Fitch“-ის შეფასება, რომ არ მოელის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს ფისკალური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, რამდენადაც არსებობს ზოგადი კონსენსუსი ეკონომიკური პოლიტიკის და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს „Fitch“-ის შეფასების სხვა ასპექტებიც. მათ შორის, როგორ შეაფასა აღნიშნულმა ორგანიზაციამ საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. აღინიშნა, რომ „Fitch“-ის შეფასება, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია ოფიციალურ კრედიტორებთან წარმატებული თანამშრომლობით, დადებითი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გახანგრძლივება 2021 წლის აპრილამდე ხაზს უსვამს ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას და  ხელისუფლების მზაობას, გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები, საარჩევნო წლის მიუხედავად. 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner