logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერ
- +

16 იანვარი. 2020. 17:03

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ საპროკურორო საბჭო პარლამენტს გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარუდგენს, მას მხარს დაუჭერს.

 

მდინარაძის თქმით, ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით გუნდის პოზიცია მისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დარწმუნებულია, გუნდიც იმავე აზრზე იქნება.

 

მდინარაძის აზრით, ირაკლი შოთაძე ღირსეული ადამიანი და პროფესიონალი კადრია.

 

„გუნდის სახელით ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არ მგონია, გუნდს ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია. თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას საპროკურორო საბჭო წარმოადგენს, მე მას მხარს დავუჭერ და ჩემი აზრით, გუნდიც ამ აზრზე იქნება, რადგან ის არის ღირსეული კაცი და პროფესიონალი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მდინარაძე ამბობს, რომ თავის დროზე, ირაკლი შოთაძემ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, როცა თანამდებობიდან გადადგა.

 

„როგორც პროფესიონალს და ღირსეულ კაცს მე მას მხარს დავუჭერ. ჩემი აზრით, თავის დროზე ირაკლი შოთაძემ  მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, რადგან მან განცდაც კი არ დატოვა, თუ ვიღაცას მაინც უჩნდებოდა კითხვა მისი მისამართით, რომ ის შეუშლიდა ხელს გამოძიებას, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და ამ გზავნილით თქვა, ყველა სკამი და თანამდებობა არის დროებითი და თანამდებობის დატოვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, როდესაც იქ ყველაფერი გარკვეულია, გამოძიება მიდის, როდესაც კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ისევ იყოს კანდიდატი ამ თანამდებობაზე. მას ძალიან კარგად ვიცნობ და შემიძლია, თავისუფლად ვისაუბრო მისი, როგორც პროფესიონალი იურისტის კვალიფიკაციაზე, ამიტომ მე მას მხარს დავუჭერ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა.

 

საპროკურორო საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კი საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

 

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის ცხრა კანდიდატია წარმოდგენილი.

 

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება.

 

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესის თანახმად,  ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს.

 

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner