logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
- +

24 იანვარი. 2020. 15:51

 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა.

 

მოხსენებაში მან ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რეგულირების ზეგავლენის შეფასება და მთავრობის როლი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და ეკონომიკის გაციფრულების პროცესში. მისი თქმით საქართველოს მთავრობამ ახლახან დანერგა ახალი ინსტრუმენტი - რეგულირების გავლენის შეფასება, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა.

 

„ჩვენ აქამდე გვქონდა სიტუაცია, როცა პარლამენტი წლიდან წლამდე ასობით კანონს ღებულობდა, რომელთა განმარტებითი ბარათები ხშირად საკმაოდ სუსტი და ბუნდოვანი იყო. რეგულირების ზეგავლენის შეფასებით კი კანონპროექტის ინიციატორი ვალდებული იქნება კანონის მიღების შედეგად წარმოქმნილი ყველა შესაძლო რისკი და სცენარი წინასწარ განჭვრიტოს და გააკეთოს შესაბამისი ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, რითაც ზუსტი სურათი გვეცოდინება ამ კანონის მიღების შედეგებზე. თავდაპირველად ამ ინსტრუმენტის გამოყენება მთავრობის კანონპროექტებზე იქნება სავალდებულო, თუმცა, სურვილის შემთხვევაში პარლამენტარებსაც არავინ ზღუდავს“, - აცხადებს მეზურნიშვილი.

 

მან ამ მხრივ წინა მთავრობის უარყოფით პრაქტიკაზეც გაამახვილა ყურადღება, „როცა მაგალითად დერეგულაციის პოლიტიკამ პრაქტიკულად ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი საფინანსო სექტორში მოგვცა სავალალო შედეგები“.

 

„დერეგულაციის პოლიტიკამ საფინანსო სექტორში და მხოლოდ აიდი ბარათებით სესხების გაცემის პრაქტიკამ საქართველოს მოსახლეობაში ჭარბვალიანობა გამოიწვია და საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გახადა, რომლის მოსახლეობასაც ბანკების მიმართ რაოდენობრივად ყველაზე მეტი ვალი ქონდა და ამ მსესხებლების უმეტესი ნაწილი იყო გადამხდელუუნარო. საბედნიეროდ შეიცვალა ეს პრაქტიკა და ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი რეგულირების დაწესებით შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა ნაწილობრივ შეზღუდა. ხოლო 600 ათასზე მეტ მსესხებელს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი და გამოთიშული იყო რეალური ეკონომიკიდან, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ სესხები სრულად გაუნულა, რითაც ამ ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა დაბრუნებოდნენ ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოს მხრიდან ბოლო წლებში ტექნოლოგიურ სფეროში არსებულ მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც ბლოკჩეინ-მომსახურება საჯარო სექტორში დანერგა.

 

„ჩვენმა მთავრობამ მსოფლიოში პირველმა დანერგა საჯარო სექტორში ბლოკჩეინ-სერვისი, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის რამდენიმე წლის წინ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. ეს სერვისი ძალიან მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებული ინვესტორისთვის. ჩვენ აგრეთვე წამყვანი პოზიციები გვიკავია მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსში და სტაბილურად ვართ ტოპ 10 საუკეთესო ქვეყანაში, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე მიმზიდველია. ჩვენთან ყველაზე ნაკლები პროცედურების გავლა მოგიწევთ იმისთვის, რომ თქვენი ბიზნესი დაარეგისტრიროთ და დაიწყოთ საქმიანობა, ამ მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილს ვიკავებთ. ჩვენთან საგადასახადო გარემო ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და მიმზიდველია. გარდა ამისა, ჩვენი მოსახლეობა ისტორიულად ყველაზე სტუმართმოყვარე ერია. ასე რომ, საქართველოს კარები ყველასთვის ღიაა, ვისაც ჩვენთან მეგობრობა და საქმის კეთება სურს“, - მიმართა ირაკლი მეზურნიშვილმა ფორუმზე წარმოდგენილ დელეგატებს.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner