logo_geo
eng_logo
ოპოზიციამ, შესაძლოა, კორონავირუსის გამო 4 აპრილის აქცია გადადოს
- +

2 მარტი. 2020. 18:58

 

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციამ ლეობორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელა 4 აპრილის აქციის გადადებასთან დაკავშირებით. ბოკერიას თქმით, თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება არ დასტაბილურდება, პასუხისმგებლოანი ოპოზიცია მასობრივი ღონისძიებისგან თავს შეიკავებს.

 

„დავაკვირდებით და ბუნებრივია, თუ არ გამოსწორდა და დასტიბილურდა ვითარება ან მით უმეტეს, თუ გაუარესდა, განვიხილავთ ნებისმიერი მასობრივი თავყრილობის გადადებას“, – განაცხადა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

ოპოზიციას დაანონსებული აქვს, რომ 4 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას გამართავს, რომელზეც საერთო სამოქმედო გეგმით წარდგება.

 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

 

„შეხვედრაზე საუბარი გვქონდა, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში შეიქმნა და ზოგადად მსოფლიოშია შექმნილი კორონავირუსთან დაკავშირებით, რადგან უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც აწია საფრთხის დონე. საუბარია იმაზე, რომ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება მიზანშეწონილი არაა ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ ქვეყანაში მდგომარეობა კორონავირუსის კუთხით დამძიმდა ან არ მოხდა დასტაბილურება, მაშინ შეიძლება განვიხილოთ 4 აპრილის აქციის გადადება. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე არ შეექმნათ ჩვენს თანამოქალაქეებს“, - აღნიშნა კაპანაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია იმოქმედებს სიტუაციის მიხედვით.

 

„სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ 4 აპრილის აქციასთან დაკავშირებით. თუ პანდემიის გავრცელების საფრთხე იქნება, აქცია გადაიდება. თუ ამ დროს ქვეყანაში ეს პრობლემა არ იქნება, აქცია ჩატარდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner