logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ქართულ მიწაზე მოყვანილი არც ერთი კილოგრამი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება
- +

2 სექტემბერი. 2020. 22:25

 

 

 

„დარწმუნებული ვარ, გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება გორელების ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

 

„მოგესალმებით, გორელებო! დიდი პატივია დღეს აქ, თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, მომავალში ერთად რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა ქართლში, საქართველოს ჭეშმარიტად ისტორიულ რეგიონში, ხერხემალში, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი წარსულის, ისტორიის ყველაზე მძიმე და სევდიანი დღეები. წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ქართველებს მოგვიწია იარაღით ხელში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და მიწის დაცვა, 21-ე საუკუნეში, მაგრამ, ჩვენ ეს მოგვიწია და ამან თქვენს მხრებზე გადაიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გასწირა და ჩვენი ვალდებულებაა, გავზარდოთ ჩვენი შვილები ისე, რომ მსგავსი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარ განმეორდეს. მაგრამ ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ პირველ რიგში ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, მაგრამ ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ, ქართლელები, გორელები ცხოვრობთ ამ ადამიანების გვერდით, თქვენს მიერ გაწვდილი ხელი არის უფრო ახლო და თქვენი და სახელმწიფოს ერთობლივი ზრუნვა ჩვენს დევნილებზე უნდა იყოს ყოველდღიური, ყოველწამიერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის გამთლიანება ქართლიდან დაიწყება.

 

„ჩვენ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ამ ხალხისთვის სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებით, რასაც მოაქვს თავისი დამატებითი სოციალური ბენეფიტები, ასევე გაზმომარაგებით, სასმელი და სარწყავი წყლით დახმარებით, საბოლოო ჯამში, როდესაც ამ ადამიანებს ელაპარაკები, ხვდები, რომ ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ არაფერია იმ ტკივილთან და იმ მიზანთან შედარებით, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით, დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება აქედან – ქართლიდან. ამ გამთლიანების ერთადერთი გზა არის ყოველდღიური, კეთილსინდისიერი შრომა, ამ გამთლიანების ერთადერთი გზა არის, მაგალითად, ისიც, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ქვეყანაში არც ერთი დღით არანაირი ინფრასტრუქტურული სისტემური პროექტი არ შეჩერებულა და არც უნდა შეჩერდეს. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ სულ უფრო და უფრო წარმატებულ, ევროპულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

მისი თქმით, ადამიანი იყო და იქნება „ქართული ოცნების“ ზრუნვის ძირითადი საგანი.

 

„ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოველდღიური შრომა მთავრობისა, რომელმაც ღირსეული ყოველდღიური შრომის პირობები უნდა შეუქმნას ჩვენს თითოეულ მოქალაქეს.

 

შიდა ქართლში 2013 წლიდან მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იყო 840 მლნ ლარი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, აქ გაკეთდა ქარის პირველი ელექტროსადგური. ეს იყო კახა კალაძის წამოწყება, 20-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური, რომლისაც, მერწმუნეთ, არავის სჯეროდა, მაგრამ ეს გაკეთდა. დღეის მდგომარეობით, აქ შიდა ქართლში, გორში უკვე არის ორი პროექტი – „ნიქოზი“ და „ქართლი ორი“, რომლებიც 200-მილიონიანი პროექტებია და რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

 

გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში გაზიფიცირების თვალსაზრისით შიდა ქართლში გაჩნდა 30 000 ახალი აბონენტი, წყალმომარაგების ნაწილშიც ბევრი პროექტი დაიწყო, თუმცა ეს არ არის საკმარისი და როდესაც ჩვენ გორში ამაზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის ელემენტარული სისტემური პირობები, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს უნდა შევუქმნათ. გორში, შიდა ქართლში, ჩვენი ყოველდღიური მოქმედების საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა, უნდა შევთანხმდეთ, რომ შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ შრომით, მხოლოდ და მხოლოდ იმ გზით, რომ ქვეყანა გახდეს წარმატებული, ეკონომიკურად ძლიერი, კეთილდღეობის დონე იყოს მაღალი და ჩვენ უნდა გავხდეთ მიმზიდველი ევროპული სახელმწიფო ჩვენი ძმებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მისი თქმით, უაღრესად მძიმეა, როდესაც ხედავ შენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს.

 

„უაღრესად მძიმეა ის, რაც დღეს ხდება, მაგალითად, ახალგორში, ახალგორის მიმართულებით, სხვა მიმართულებითაც, როდესაც მდგომარეობა ჰუმანიტარული კატასტროფის დონეზეა მისული, ადამიანებს საოკუპაციო ხაზის ჰუმანიტარული მიზნებით გადაკვეთის საშუალებასაც არ აძლევენ. ეს ყველაფერი მძიმე საყურებელია და მძიმე სალაპარაკოა, თუმცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ეს უნდა გვახსოვდეს და უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად.

 

შიდა ქართლში შეუძლებელია მომავალზე საუბარი, თუ აქცენტი არ გავაკეთეთ სოფლის მეურნეობაზე. შემიძლია გითხრათ, რომ „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროგრამებით შიდა ქართლში დაფინანსებულია 500 მილიონზე მეტის ღირებულების სხვადასხვა პროექტი. მნიშვნელოვანი და ხელშესახებია ის, რომ წელს, როდესაც მთავრობამ, სახელმწიფომ დაიწყო გლეხის მოსავლის დაბინავებაზე ზრუნვა, ეს დავიწყეთ კახეთით, ატმის მოსავლით და პირველად წელს 30 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ სოფლის მეურნეობაში გადაყრილი ფული გაქვთო, შეიძლება, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციის ეფექტიანობაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ საერთოდ ქართველი გლეხისა და ფერმერის დახმარების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება შეუძლებელია. წელს შიდა ქართლში ვაშლის ძალიან კარგი მოსავალი იქნება, დაახლოებით სამჯერ მეტი, დაახლოებით 150 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიული პოსტსაბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, ყველა სტანდარტული ვერ იქნება, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ წელს იქნება პირველი წელი, როდესაც „დანერგე მომავლის“ პროექტებიდან 30 ათასი ტონა იქნება აბსოლუტურად კარგი პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია, ევროპის ბაზარზე გავიტანოთ. სხვას რა ვუყოთ? სხვა გლეხი მივატოვოთ? რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვიზამთ და არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის ის პროგრამა, რომელიც იყო ინიცირებული, როდესაც მთავრობა ადგილობრივ მეწარმეს გარანტიის სახით ეხმარება, გაგრძელდება. ასევე გაგრძელდება „დანერგე მომავალი“, სოფლის მეურნეობის პროგრამები, „აწარმოე საქართველოში“, თან შიდა ქართლში მშრომელი ხალხი ხართ და ამ პროგრამების ათვისების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

მისივე თქმით, საქართველოში არც ერთი კილოგრამი მოსავალი არ დარჩება დაუბინავებელი.

 

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, დაწყებული ატმით, გაგრძელებული ვაშლით, სამეგრელოში უკვე დაიწყო თხილი, შემდგომ იქნება რთველი, შემდგომ – ციტრუსი, ქართულ მიწაზე მოყვანილი არც ერთი კილოგრამი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება და ამის გარანტიას იძლევა ხელისუფლება.

 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის ის მინიმუმი, რითაც ჩვენ შეგვიძლია, მოქალაქეებს დავეხმაროთ. ჩვენ ეკონომიკურად ჯერ კიდევ სუსტი ქვეყანა ვართ და მთავარია, ჩვენი შეზღუდული რესურსი სამართლიანად და თანაბრად გადავანაწილოთ ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც ჩვენ თქვენთან ერთად უნდა გავაკეთოთ და ქვეყნისთვის საჭირო ძალიან ბევრი ღირებული საქმე, რომელიც ერთად დავიწყეთ, ასევე ერთად უნდა დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, ამას ყველანი ერთად გადავწყვეტთ 31 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ, გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება გორელების ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner