logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დღეს განსხვავებული აზრის გამო ადამიანები არ იდევნებიან
- +

19 სექტემბერი. 2020. 14:37

 

 

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში, ასევე რეგიონში და ვანში არსებობს პრობლემები, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ჩვენი თავდაუზოგავი შრომა და 24 საათიანი მუშაობა. ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ერთობა, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, რადგან ერთი ადამიანი ან ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდი ვერაფერს გააკეთებს. ამას სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანმა  კახა კალაძემ  ვანში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე.

 

“ჩემთვის პატივია, რომ დღეს ვიმყოფები ამ მშვენიერ მხარეში, ამ ლამაზ მუნიციპალიტეტში, რომელიც ჩემს მშობლიურ სამტრედიასთან ძალიან ახლოს არის.

 

ამაყი ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ქალაქში, რომელიც ფასდაუდებელ ისტორიულ თუ კულტურულ საგანძურს ინახავს. აქ, ვანში, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, კოლხეთისთვის უდიდესი პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო თუ კულტურული მნიშვნელობის ქალაქი მდებარეობდა, რომელიც იმ პერიოდის სამყაროში, ერთ-ერთი გამორჩეული იყო, რისი დასტურიც ამ მიდამოებში აღმოჩენილი უდიდესი ღირებულების სამკაულები, ხელოვნების ნიმუშები, სამარხები, ჭურჭელი თუ სხვა ექსპონატებია.

 

რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ აღვფრთოვანდეთ იმ უდიდესი წარსულით, რომელიც ამ ქალაქს გააჩნია, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აუცილებელია სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა, რასაც, ჩვენი სახელისუფლებო გუნდი უკვე 8 წელია თქვენი აქტიური ჩართულობით აკეთებს.

 

ყველაზე კარგად თქვენ იცით, რომ 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში და მათ შორის კონკრეტულად ვანში, ვითარება მკვეთრად უკეთესობისკენ შეიცვალა. დღეს უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, ქვეყანაში უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი.

 

ჩვენ კარგად გვახსოვს ის წლები, თუ რა დამოკიდებულება იყო კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვისაც ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება. იმ ადამიანებისა და ოჯახების მიმართ, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ადამიანები არ იდევნებიან.

 

მნიშვნელოვანია რეფორმები, რომლებიც განხორციელდა ფაქტობრივად ყველა მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკის სამინისტროს მიერ წამოწყებული მნიშველოვანი პროგრამები, რითაც ჩვენ შევძელით, ხელი შეგვეწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.

 

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში, ასევე რეგიონში და ვანში არსებობს პრობლემები, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ჩვენი თავდაუზოგავი შრომა და 24 საათიანი მუშაობა. ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ერთობა, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, რადგან ერთი ადამიანი ან ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდი ვერაფერს გააკეთებს. ამას სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა.

 

დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ყველა იმ გამოწვევას ვუპასუხოთ ღირსეულად და ყველა ის პრობლემა გადავლახოთ ღირსეულად, რომელიც აწუხებს ვანს, რომელიც აწუხებს იმერეთს და ჩვენს ქვეყანას.

 

ერთად საქართველოს წარმატებისთვის !” – აღნიშნა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner