logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოღონდ დააბრალონ რუსეთუმეობა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არ „გვეწებება“, იმიტომ რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი ევროპისკენ, NATO-სკენ არის მიმართული
- +

29 ოქტომბერი. 2020. 17:09

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნაცმოძრაობასა და მის კლასტერთან აფილირებული ტელევიზიები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თურმე გრუ იქცევა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ, ამასთანავე ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ მიაწებონ „რუსეთუმეობის“ იარლიყი.

 

„როდესაც ამბობთ, რომ ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ მოგაწოდათ, იტყუებით. არანაირი ანონიმური წყარო არ არსებობს, არანაირი ანონიმური ინფორმაცია არ გაქვთ, ეს წყარო არის ნიკა გვარამია, „ქალაჩუნა“ ნიკა გვარამია, რომელსაც ძალიან ეშინია რაღაცების, ამიტომ უწოდა „ქალაჩუნა“ ირაკლი კობახიძემ. თქვენს წინა კითხვაშიც იყო, რომ ГРУ-მ მიაწოდა რუკები საქართველოს. უკვე მეორე შემთხვევაა, რომ ცდილობთ საზოგადოება დაარწმუნოთ, რომ გრუ იქცევა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ. იტყუებით, რუსულ ენაზე დაწერილი ანგარიში ეკუთვნის ნიკა გვარამიას, ან ვიღაც აგენტურას, ან მართლა ГРУ -ს აგენტურას, რომელიც თანამშრომლობს ნიკა გვარამიასთან. კგბ-ს პოლკოვნიკი ხომ ვნახეთ მასთან ეთერში, სკანდალი რომ უნდოდა აეგორებინა. კგბ-ს პოლკოვნიკი წინასაარჩევნოდ გვარამიას ეთერში თქვენ თვითონ წარმოგედგინათ? ასეთივე ანონიმური ე. წ. წყაროა თქვენს მიერ შექმნილი, რომელიც თითქოს ადასტურებს, რომ ეს, რასაც აკეთებს ქართული ინტერესების შესატყვისად სახელმწიფო, ГРУ -ს ინტერესი და ГРУ -ს გეგმა იყოო, აჯერებთ ხალხს. პირდაპირ პროპაგანდაა რუსული, როცა თქვენ ამბობთ, რომ დავითგარეჯი რომ საქართველოა, ამისთვის იბრძვის ГРУ“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული ტელევიზიის ჟურნალისტებს კითხვის პასუხად.

 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია, მათთან დაკავშირებული ჟურნალისტები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ „რუსეთუმეობა“, ამ დროს კი თვითონ უმტკიცებენ ხალხს, რომ გრუ მოქმედებს საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ.

 

„თქვენ ხალხს უმტკიცებთ, რომ გრუ მოქმედებს საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ და გრუ ამტკიცებს, რომ გარეჯი საქართველოა და ა. შ. რა გინდათ, შეუყვარდეს ეს ГРУ და ოკუპანტი ქვეყანა ქართველ ქალს და კაცს, თუ რას აკეთებთ, მართლა ვერ ვხვდები. ოღონდაც დააბრალოთ „რუსეთუმეობა“ „ქართულ ოცნებას“ და არ გვეწებება, იმიტომ რომ არაფერი მსგავსი არ გვიქნია, ყველა ნაბიჯი ევროპისკენ, ნატოსკენ, ამერიკისკენ არის, ვიზა-ლიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, განცხადებები, იმ ხალხის დამოკიდებულება, ამერიკის დამოკიდებულება, სახელმწიფო დეპარტამენტის დამოკიდებულება, ორპარტიული აქტი, ყველა ნაბიჯი გადადგმული დასავლეთისკენ, არ გვეწებება ეს რუსეთი და რა გავაკეთოთ? თქვენი ყველა ნაბიჯი და თქვენი პარტიის არის რუსული, რაც კი გაუკეთებიათ, დაწყებული ომის დაბრალებიდან საკუთარი სამშობლოსათვის, გაგრძელებული სტრატეგიული ობიექტების გაყიდვით, რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თანხმობით საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან უპირობოდ და ა. შ., ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი პარტია აკეთებს რუსულ საქმეს. შესაბამისად, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომელიმე ადამიანმა, რომელიც ოდნავ მაინც ობიექტურად აკვირდება მოვლენებს, კიდევ გადაწყვიტოს, ადგეს არჩევნების დღეს, წავიდეს და თუ რაიმე მართლაც მორალური ვალდებულება არა აქვს, მათ შორის წარსულიდან გამომდინარე, ნაცმოძრაობას და მის კლასტერს დაუჭიროს მხარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

right_banner
არქივი
right_banner