საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 1-2 დეკემბერს ვარშავაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.
„მოხარული ვარ, რომ ვარშავაში ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. ბედნიერი ვარ, რომ საქართველო NATO-ს მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგშია. ასევე შესაძლებლობა მაქვს პოლონელ კოლეგასთან ჩვენი წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილოთ“, - წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
„ტვიტერის“ საშუალებით საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიესალმა NATO-ს გენერალური მდივნის ექსპერტების მიერ ინიცირებული დოკუმენტის მიღებას.
„NATO-ს გენერალური მდივნის ექსპერტებმა მიიღეს სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი სტაბილური განვითარებისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის. მადლიერი ვარ ალიანსისა და გენერალური მდივნის სტოლტენბერგის - მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ზალკალიანმა.
NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს NATO-ში გაწვერიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები.