logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი არის განსაკუთრებული, იმიტომ რომ მან უდიდესი წვლილი შეიტანა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში
- +

12 იანვარი. 2021. 02:57

 

 

„რადგან პოლიტიკაში ვართ, რადგან პოლიტიკაშია ეს კონკრეტული პარტია, მხედველობაში მაქვს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ მათ მმართველობის პერიოდს, რა ხდებოდა, რა მდგომარეობა იყო და როგორ განვვითარდით ჩვენ და რა შედეგებს მივაღწიეთ“, - ამის შესახებ კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა საქართველოში 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დროს არსებული მდგომარეობა გაიხსენა.

 

„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომელიც მან მაშინ მიიღო, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ კარგად გვახსოვს, თუ რა ვითარებაში იმყოფებოდა ქვეყანა, რა მდგომარეობაში ამყოფებდა ხალხს სააკაშვილის რეჟიმი, როგორი დიქტატურა იყო, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიების მიმართ, კონკრეტული ოჯახების მიმართ, საახლობლოს, ნათესავების, მეგობრების მიმართ. არავინ დატოვეს ხელშეუხებელი, ვისაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ ცოტა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. რა ხდებოდა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მიმართ, რა ხდებოდა მედიის მიმართ, ეს ხომ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რა დამოკიდებულება იყო ბიზნესის მიმართ, რომ ღამის 3 საათზე ხდებოდა კონკრეტული ბიზნესების გადაფორმება, ტერორი, ჩაგვრა და ა.შ. რა თქმა უნდა, დღევანდელი გადმოსახედიდან ბევრს შეიძლება ეს დაავიწყდა და ბევრი ცდილობს, რომ ადამიანების ნაწილს დაავიწყოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა კალაძემ.

 

მან იმ პროგრესზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია და ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის როლზე გაამახვილა ყურადღება.

 

„ბიძინა ივანიშვილის როლი არის განსაკუთრებული იმიტომ, რომ მან უდიდესი წვლილი შეიტანა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, უდიდესი წვლილი შეიტანა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რომ დღეს უმაღლეს სტანდარტშია. ასევე არ შეიძლება, რომ არ ვახსენო საარჩევნო სისტემა, რომელსაც უკვე 30 წელია ყველა მთავრობა ჰპირდებოდა საზოგადოებას, იყო ამაზე საუბრები, თუმცა როდესაც გადაწყვეტილება იყო მისაღები, ყველა უკან იხევდა და ვფიქრობ, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, შევიდნენ პარლამენტში თუ, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ მხარდაჭერა. ცოტა გაუგებარია ჩემთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილება, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს. აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, რატომ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, თუმცა ერთი მხრივ ნათელია რა ამოძრავებთ მათ. აქვე მინდა ხაზი გაუსვა იმას და აღვნიშნო, რომ არავის გამოუვა ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანა, არეულობის შემოტანა, რევოლუცია, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც ნაბრძოლი აქვს 2011-2012 წლებში, გამოვლილი გვაქვს ის ტკივილი, ის ზეწოლა და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში შემოიტანოს დესტრუქცია და არეულობა“, - აღნიშნა კალაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner