logo_geo
eng_logo
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება იენს სტოლტენბერგს პასუხობს
- +

19 იანვარი. 2021. 14:18

 

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს NATO-ს, უარი თქვას „ორმაგი სტანდარტების პრაქტიკაზე და რეგიონის ქვეყნების მეგობრებად და მტრებად დაყოფაზე”.

 

„იენს სტოლტენბერგის თქმით, ისეთი ქვეყნების სუვერენიტეტი, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა, NATO-სთვის წმინდაა და ალიანსის ხელმძღვანელის სიტყვებით, მზადაა დაიცვას ეს ქვეყნები ნებისმიერი, თუნდაც წარმოსახვითი ხელყოფისაგან. NATO-ს ლიდერი საქართველოსა და უკრაინის უფლების, თავად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი, ეჭვქვეშ დაყენებას ფიქრებშიც კი არ უშვებს. ამავე დროს, სტოლტენბერგის ლოგიკით, არსებობენ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც NATO-ს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და რომლებსაც, მისი აზრით, არ აქვთ უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ეჭვგარეშეა, რომ NATO-ს ხელმძღვანელობა აფხაზეთის რესპუბლიკას ამ უკანასკნელ კატეგორიას აკუთვნებს”, - ნათქვამია ე.წ. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მათი მტკიცებით, NATO-ს ამგვარი სტრატეგია სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში „ფეთქებადსაშიშია.“

 

„საჭირო არ არის იმის აღნიშვნა, თუ როგორი ფეთქებადსაშიშია NATO-ს ასეთი სტრატეგია სამხრეთ კავკასიის მიმართ. დღეს ეს სტრატეგია დასავლური ალიანსის მიერ საქართველოსთან ერთად გამართულ რეგულარულ წვრთნებსა და თბილისის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში გამოიხატება. 2008 წლის მოვლენები ბრწყინვალე შეხსენებას უნდა წარმოადგენდეს ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება საქართველოსთან ფლირტს და დასავლეთის სამხედრო ბლოკში მის შეთრევას,” - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მისი აზრით, სუვერენული სახელმწიფოს უფლების ეჭვქვეშ დაყენება, საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტოს, „თითქმის პროვოკაციაა“. მისი აზრით, რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს ამა თუ იმ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე.

 

„საქართველოს სურს NATO-ში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. შევა თუ არა საქართველო NATO-ში - ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner