logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებები დემონსტრირებაა იმ უპატივცემულო დამოკიდებულებისა, რომელსაც რუსეთის საერთაშორისო წესრიგის მიმართ იჩენს
- +

26 იანვარი. 2021. 14:26

 

„განცხადებები, რომელიც გუშინ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გააკეთა, არის ნათელი დემონსტრირება იმ უპატივცემულო დამოკიდებულებისა, რომელსაც ისინი კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ იჩენენ“, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, „საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია“.

 

„ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ძალა, რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა. საქართველომ სასამართლოს წარუდგინა, დაახლოებით, 700 უტყუარი მტკიცებულება და განაცხადა, რომ რუსეთმა კონვენცია უხეშად დაარღვია. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, დარღვევა მუხლისა, რომელიც უკავშირდებოდა წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ვალდებულება, ეთანამშრომლა სასამართლოსთან. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა „ეფექტურ კონტროლს“ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და „ბუფერულ ზონაში“. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის წარმომადგენლობა და რუსეთზე დამოკიდებულება ადასტურებს, რომ რუსეთი ინარჩუნებს „ეფექტურ კონტროლს“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. სასამართლომ დაადგინა, რომ მოვლენები, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოჰყვა, რუსეთის იურისდიქციაში შედის“, – განაცხადა კუჭავამ.

 

მისივე თქმით, „აღნიშნული გადაწყვეტილება არის ისტორიული, რომლის თანახმადაც, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია“.

 

„ეს დარღვევები ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს, რუსეთმა, ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა. საქართველო და ქართველი ხალხი 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების გამოტანა დაემთხვა ევროპარლამენტის ანგარიშს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, სადაც ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ ახორციელებენ უკრაინისა და საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციას და რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას. საქართველოს მიერ შეტანილი საჩივრების წარმატებული გადაწყვეტა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ემსახურება ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, ევროპული წესრიგის კონსოლიდაციას. ხვალ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს. რუსეთის დელეგაციის წევრები განაცხადებენ, რომ ისინი იმსახურებენ, ამ ასამბლეის წევრები იყონ, მაგრამ შეგვიძლია, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ისინი პატივს სცემენ ამ ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ინსტიტუტს? განცხადებები, რომელიც გუშინ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გააკეთა, არის ნათელი დემონსტრირება იმ უპატივცემულო დამოკიდებულებისა, რომელსაც ისინი კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ იჩენენ“, – განაცხადა კუჭავამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner