logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: დღეს საქართველოს აქვს დოკუმენტი, რომელიც შეიძლება, დეოკუპაციის საფუძვლად იქცეს
- +

26 იანვარი. 2021. 15:54

 

„სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებამ საფუძველი მისცა ქართულ სახელმწიფოს, რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე სამართლებრივად ედავოს”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს ქართულ სახელმწიფოს აქვს დოკუმენტი, რომელიც შეიძლება, დეოკუპაციის საფუძვლად იქცეს.

 

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომელმაც საფუძველი მისცა ქართულ სახელმწიფოს, საერთაშორისო ასპარეზზე სამართლებრივად ედავოს რუსეთს. ბუნებრივია, ეს ძალიან რთული და გრძელი პროცესია, თუ გავითვალისწინებთ იმ საშინელ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც არის მსოფლიოში, ევროპაში, აშშ-ში. მაგრამ დღეს ქართულ სახელმწიფოს გააჩნია დოკუმენტი, რომელიც შეიძლება, დეოკუპაციის საფუძვლად იქცეს.

 

ამავდროულად, ამასთან დაკავშირებით ის აბსოლუტური ისტერიკა, რომლის მოწმენიც ვართ საქართველოში, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რამდენიმე მიმართულებით მინდა, ამ საკითხს შევეხო. პირველი: ესაა პათოლოგიური მატყუარების გაერთიანება. გარდა იმისა, რომ მოძალადეები, უტიფრები, ვიგინდარები და უღირსები არიან, პათოლოგიური მატყუარები არიან. ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებას სიცრუე მოახვიონ თავს.

 

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ეს დოკუმენტი იწყება, ისევე როგორც ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერეს ბოკერიამ, მისმა ძმებმა და სააკაშვილმა, რითიც, ფაქტობრივად, საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ მე არაერთხელ განმიცხადებია და კიდევ ერთხელ დავადასტურებ, ჩემს ფილმშიც არის ეს შესული, რომ ცეცხლი დილის 07:00 საათზე გახსნა სააკაშვილმა „გრადებიდან“ ცხინვალის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ იმ დაძაბულობას, რომელიც იმ დროისთვის იყო, სეპარატისტების მოქმედებას, სამხედრო დაჯგუფებების კონცენტრაციას საქართველოში, დაწყებული ჩეჩნური სამხედრო დაჯგუფებით, რომელიც ჯავის ტერიტორიაზე იმყოფებიდა და სხვა რუსულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობას იღებდნენ, ფართომასშტაბიანი ინტერვენციისთვის საბაბი, რა თქმა უნდა, 7 აგვისტოს დილით ცეცხლის გახსნა იყო. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება სააკაშვილის მხრიდან. ამას სათავეში ედგა ФСБ-ს ოფიცერი ალასანია, რეალურად, ეს იყო ერთობლივი გეგმა, რომელიც რუსეთმა საქართველოში განახორციელა. მიუხედავად ამისა, ამ რეზოლუციის მიღება, მისი ხელმოწერა, ამით საკუთარი დანაშაულის აღიარება ქვეყნისთვის იყო ზიანი და არა – „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

 

ზუსტად იმავე აბზაცით იწყება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამის გამო 8-დან 12-მდე ჩადენილი დანაშაული, სისასტიკე, გადამწვარი ქალაქები, ნაწამები ადამიანები იმ სათვალავში არ შედიან. ის ბარბაროსობა, რომელიც რუსეთმა აქ 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე ჩაიდინა, ბოკერიასა და სააკაშვილის კისერზეა იმიტომ, რომ ამის გამო ჩვენ პასუხს ვერ მოვთხოვთ. არადა, კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა გორში, ხეობაში. მიუხედავად ამისა, ეს დოკუმენტი დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოსა და ყველა ჩვენგანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. „სამართალმა პური ჭამა“. როგორც ამბობენ, სამართალი ურმით დადისო. სამართალი მოვიდა და დადგა ჩვენი სახელმწიფოს კართან“, – განაცხადა ხაინდრავამ.

 

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

https://imedinews.ge/ge/politika/183375/goga-khaindrava-strasburgis-sasamartlos-gadatskvetilebaze-dges-saqartvelos-aqvs-dokumenti-romelits-sheidzleba-deokupatsiis-sapudzvlad-iqtses

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner