logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: შარლ მიშელის მოწოდება ნამდვილად ყურადსაღებია ჩვენი ოპონენტებისთვისაც
- +

1 მარტი. 2021. 12:45

 

„ჩვენი ოპონენტები, დეესკალაციის ნაცვლად, ინაცვლებენ ქუჩაში და აანონსებენ ისეთ რადიკალურ ნაბიჯებს, რომელიც ხელს არ უწყობს დეესკალაციას. ამდენად ვფიქრობთ, შარლ მიშელის მოწოდება ნამდვილად ყურადსაღებია ჩვენი ოპონენტებისთვისაც“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას ეხება.

 

„როცა ვსაუბრობთ სიტუაციის დეესკალაციაზე, ჩვენი პარტნიორები და მეგობარი ქვეყნების წარმომადგნლები საუბრობენ ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე. ბუნებრივია, ხელისუფლება და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამისთვის, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც ვამბობთ, რომ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდიდან ჩვენ არ ავმდგარვართ, თუმცა, ამის პარალელურად სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტები დეესკალაციის ნაცვლად ინაცვლებენ ქუჩაში, აანონსებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას და ისეთ რადიკალურ ნაბიჯებს, რომელიც ხელს არ უწყობს სიტუაციის დეესკალაციას. ამდენად ვფიქრობთ, ეს მოწოდება ნამდვილად ყურადსაღებია ჩვენი ოპონენტებისთვისაც. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება რადიკალური ნაბიჯები, ქუჩის პიკეტირებები და სჭირდება ერთად დასხდომა, საკითხის ცივილიზებურად გადაწყვეტა,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

 

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელ არჩევნებზე, ღუდუშაური აცხადებს, რომ კვლავ ძალაშია მათი შეთავაზება ოპოზიციისთვის, მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ღუდუშაური აღნიშნავს, ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ პოპულიზმია და „ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა".

 

ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით კი, ღუდუშაური ამბობს, რომ ნიკა მელიას საკითხი ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და პროკურატურა მას აძლევს შესაძლებლობას გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ამ მხრივ, ოპოზიციის მოთხოვნას ღუდუშაური „ღია კარის მტვრევას“ უწოდებს.

 

შეგახსენებთ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისი ევროკავშირს აშფოთებს. ის მხარეებს მოუწოდებს, იმუშაონ ინტენსიურად, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner